ქალთა ჩემპიონთა ლიგა | ლანჩხუთმა კლიფტონვილს მოუგო
ქალთა ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში „ლანჩხუთმა“ კოსოვოს დედაქალაქ პრიშტინაში ჩრდილოირლანდიური „კლიფტონვილი“ დაამარცხა - 2:1.
პირველ ტაიმში უგოლო ფრე დაფიქსირდა, მეორე ტაიმში კი „ლანჩხუთის“ ფეხბურთელებმა ერთწუთიან მონაკვეთში ორი გოლის გატანა შეძლეს. 55-ე წუთზე ანგარიში ანანო წიქარიძემ გახსნა, 56-ზე კი თავი ეთერ სულაშვილმა გამოიჩინა. „კლიფტონვილის“ მცველმა, ები მაგიმ ერთი ბურთი გაქვითა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება შეძლეს.
„ლანჩხუთმა“ მატჩი ასეთი შემადგენლობით ჩაატარა: გაბუნია, ჩხარტიშვილი, მურილო, რასელი, წულაია (გუჯაბიძე, 83), ტელესი (დიმოპულუ, 83), კამარგო, ჰირჩიცი (ჭიჭინაძე, 71), წიქარიძე, მატვეევა, სულაშვილი (სმიტი, 67). სათადარიგოები: ჭრიკიშვილი, ჯანიკაშვილი, ონიევუენი, ბოლქვაძე.
მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „ლანჩხუთის“ მეტოქე უკრაინული „ვორსკლა“ იქნება (27 აგვისტო), უკრაინული ბარიერის დაძლევის შემთხვევაში კი „ლანჩხუთი“ ლიეტუვურ „გინტრასა“ და რუმინულ „ფარულს“ შორის გამარჯვებულს შეხვდება (30 აგვისტო).
ფოტო: ქსკ ლანჩხუთი