„კარგად დაფიქრდი ლეო“ - კლერმონი მესის ეპატიჟება
გასულ უქმეებზე, საფრანგეთის საფეხბურთო ჩემპიონატის, ლიგა 1-ის 2021-22 წლების სეზონი დაიწყო. უმაღლეს დივიზიონში ახლად აღზევებულმა „კლერმონმა“ პირველი შეხვედრა „ბორდოს“ წინააღმდეგ გამართა და მეტოქე სტუმრად 2-0 დაამარცხა.
მატჩის შემდეგ, ფრანგულმა კლუბმა იხუმრა და „ბარსელონადან“ წასულ ლიონელ მესის „გაბრიელ მონპიეს“ სახელობის სტადიონზე გადაბარგება შესთავაზა. „კლერმონმა“ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ლიგა 1-ის სატურნირო ცხრილი გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ადგილს პასკალ გასტიენის გუნდი იკავებს, და „ლა პულგას“ მიმართა. „კარგად დაფიქრდი ლეო. გეგმების შესაცვლელად დრო ყოველთვისაა“.
Réfléchis bien Leo, il est toujours temps de changer tes plans ???? #ClermontLeader ???????????? pic.twitter.com/sgDRbztU3o
— Clermont Foot 63 (@ClermontFoot) August 8, 2021
შეგახსენებთ, რომ მესის „პარი სენ-ჟერმენს“ უკავშირებენ და ESPN-ის ინფორმაციით, „ლა პულგა“ პარიზულ გრანდში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის. ამ ცნობას L’Equipe-ც ადასტურებს და გვაუწყებს, რომ უკვე ყველა დეტალი შეთანხმებულია.
იწერება, რომ არგენტინელის პრეზენტაცია ეიფელის კოშკთან მოხდება და მისი ყოველწლიური ხელფასი 40-50 მილიონი ევრო იქნება, რაშიც ბონუსებიც იგულისხმება. რამდენიმე საათის წინ, „ბარსას“ პრეზიდენტმა, ხოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მესი პსჟ-ში გადავა, თუმცა თავად ლეომ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ჯერჯერობით შეთანხმება არავისთან მიუღწევია.