პირველი ორი ვარჯიში გამოტოვა - ბითაძეს ზურგი აწუხებს
„ინდიანა პეისერსი“ საზაფხულო ლიგისთვის ემზადება, რომელიც 8 აგვისტოს დაიწყება და 17-ში დასრულდება. ლას ვეგასში ჩანიშნულ მატჩებში მონაწილეობა გოგა ბითაძემაც უნდა მიიღოს, თუმცა ქართველ კალათბურთელს ტრავმა აწუხებს.
„გოგა ბითაძეს საზაფხულო ლიგის პირველ ორ ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან ზურგი აწუხებს. მის მდგომარეობას ყოველდღიურად ამოწმებენ და სიახლეებს საჭიროებისამებრ მოგაწოდებთ“, - წერია „ინდიანას“ ოფიციალურ განცხადებაში.
 
 
INJURY UPDATE: Goga Bitadze has not participated in the first two summer league practices due to a sore back. He is being evaluated daily and updates will be provided as warranted.https://t.co/W9wcEFrtPY
— Indiana Pacers (@Pacers) August 3, 2021
გოგა ბითაძის გარდა, ლას ვეგასში კიდევ ორ ქართველს ვიხილავთ. „მილუოკი ბაქსის“ მაისურით სანდრო მამუკელაშვილი იასპარეზებს, რომელიც 2021 წლის დრაფტზე 54-ე ნომრად აირჩიეს. „დენვერ ნაგეთსის“ რიგებში კი გიორგი ბეჟანიშვილი ითამაშებს. ეს უკანასკნელი 2021 წლის დრაფტის 60 საუკეთესო ახალგაზრდას შორის ვერ მოხვდა, მაგრამ კოლორადოელებისგან შანსი მიიღო.
შეგახსენებთ, რომ ბითაძემ გასულ სეზონში მონაწილეობა 45 შეხვედრაში მიიღო. იგი საშუალოდ 5.1 ქულას, 3.3 მოხსნას, 1.3 დაფარებასა და 0.8 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.