ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო
Aa
Aa

ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო

ტოკიოში მიმიდინარე ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ 10 მეტრიანი დისტანცის საკვალიფიკაციო ეტაპი ვერ დაძლია. ქართველმა მსროლელმა 567 ქულა დააგროვა და 53 მონაწილეში 31-ე ადგილი დაიკავა. 

საქართველოს მედროშეს ფინალამდე მხოლოდ 10 ქულა დააკლდა, რის შემდეგაც კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

„ვასრულებ კარიერას. თუ მომდევნო ოლიმპიადაზე მიხილავთ, მხოლოდ მწვრთნელის რანგში“, – სალუქვაძის კომენტარს საქართველოს პირველი არხი ავრცელებს. 

52 წლის სპორტსმენისთვის ტოკიო 2020 მე-9 ოლიმპიური თამაშები იყო, რაც რეკორდია.

სალუქვაძის ოლიმპიური დებიუტი 1988 წლის სეულის ოლიმპიადაზე, საბჭოთა კავშირის სახელით შედგა. მან 25 მეტრზე სპორტული პისტოლეტით შეჯიბრში ოქროს მედალი და ასევე, ვერცხლის მედალი მოიპოვა ქალთა 10 მეტრზე საჰაერო პისტოლეტით შეჯიბრში.

შეგახსენებთ, რომ პანდემიის გამო ერთი წლით გადადებულ ოლიმპიურ თამაშებში სპორტის 11 სახეობაში 34 ქართველი ათლეტი იასპარეზებს. სულ, ოლიმპიადაზე მონაწილეობას 205 ქვეყნის 11 000-ზე მეტი სპორტსმენი მიიღებს.

სპორტული აქტივობები ტოკიოს 42 მოედანზე გაიმართება, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

ტოკიოში ასპარეზობები 23 ივლისიდან 8 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.

ფოტოები: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები