ნონა გაფრინდაშვილი:
Aa
Aa

ნონა გაფრინდაშვილი: "კუმანმა მესის აუხსნა, მან კი მაისური გამომიგზავნა"

როგორ მოგეხსენებათ, ივნისში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა ლეო მესიმ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით საკუთარი 10-ნომრიანი მაისური გაუგზავნა. მაისურს ლეოს ავტოგრაფიც ამშვენებდა.

გუშინ კი ნონა გაფრინდაშვილმა არგენტინელს საჩუქარი თავადაც გაუგზავნა. 20 ივლისს ჭადრაკის საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით, ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა და ხსენებული ინფორმაცია ცნობილი სწორედ ამის შემდეგ გახდა.

სპეციალურად „ლა პულგასთვის“ მოოქროვილი ფიგურები დამზადდა. დიზაინზე კომპანია „ზარაფხანამ" იმუშავა.

დღეს, მსოფლიოს ხუთგზის ქართველმა ჩემპიონმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ისაუბრა და მესისთან დაკავშირებული ამბის უცნობი დეტალები გაამხილა:

„საჩუქარს ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის, ფიდე-ს დახმარებით გავაკეთებ, რადგან ისინი მთელ მსოფლიოში დადიან. მაგრამ როდის გადავცემ, ამას ჯერ ვერ გეტყვით. მაისური რომ მივიღე, ესეც ფიდე-ს დამსახურებაა. ჯერ ვითარება „ბარსელონას“ აუხსნეს, რომ ამ გუნდისა და ლიონელ მესის გულშემატკივარი ვიყავი. ეს პირველად გუნდის მწვრთნელს, რონალდ კუმანს უთხრეს, მან კი ეს ვითარება აუხსნა მესის, რომელმაც მაისური გამომიგზავნა, რაც ნორმალურია“, – ამბობს ნონა გაფრინდაშვილი პირველ არხთან საუბარში.

ქალბატონმა ნონამ მესისადმი თავისი პერსონალური დამოკიდებულების შესახებაც ისაუბრა:

„ჩვენ პირადი კონტაქტი არ გვქონია. მაგრამ ის უდიდესი ფეხბურთელია, პიროვნული თვისებებითაც მომწონს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი „ზარაფხანას“ დამზადებული საჩუქარი, რომ მე მას „კოპა ამერიკაზე“ გამარჯვებას საქართველოს სახელით ვულოცავ. იმედია, მალე მსოფლიო ჩემპიონობასაც მივულოცავ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები