Aa Aa
14 ივლისი 2021  |  19:38

ანალიზი: მანჩინი და 3 დეტალი - წარსულიდან გადმოსული ბიჭი

„ხარისხი შედეგის გარეშე უაზრობაა, შედეგი ხარისხის გარეშე კი მოსაწყენია“. - ინგლისის ნაკრებს არც ხარისხი ჰქონდა და საბოლოოდ, არც შედეგი.

„სჯობს საკუთარი შეცდომის გამო დამარცხდე, ვიდრე სხვამ შეგიყვანოს შეცდომაში“, - ინგლისელების თამაშში ნულოვანი რისკი იყო. საუთგეიტმა მთელი ტურნირის განმავლობაში ოდნავადაც ვერ გარისკა.

იყო საუბრები და ვარაუდები, რომ მწვრთნელი ძალებსა და რესურსებს ფინალისთვის ინახავდა, თუმცა საბოლოოდ უდიდესი რესურსი, რომელიც უსახური და პრაგმატული ფეხბურთისთვის გაიწირა, შედეგის გარეშე დარჩა.

ჩემს მიერ ზემოთ გამოყენებული ფრაზები იოჰან კრუიფს ეკუთვნის, რომელიც ცოცხალი რომ ყოფილიყო, დარწმუნებული ვარ ინგლისის ნაკრების თამაშით მოხიბლული არ დარჩებოდა, ერთ ღრმა და ყველასგან გამორჩეულ შეფასებასაც მოგვცემდა...

ფეხბურთი სახლში ბრუნდებოდა, თუმცა უკან მიმავალ გზაზე, ბოლო მომენტში აეროპორტის ტრაპიდან მოხსნეს და რომის გზას გაუყენეს, ისევე როგორც რომის იმპერიის ზეობის წლებში ხდებოდა - გზამ ამჯერადაც მხოლოდ ერთი მიმართულებით წაგვიყვანა...

ევრო 2020-მა საბოლოო ჯამში შესანიშნავად ჩაიარა და თასი იმ გუნდს დარჩა, რომელიც გამარჯვებას ყველაზე მეტად იმსახურებდა.

მანჩინის გუნდს, ბურთის კონტროლი, პრესინგი, მაღალ ტემპში შეტევა და დაცვაში გამოკეტვაც შეეძლო. „სკუადრა აძურას“ არსენალში რამდენიმე ტიპის იარაღი ჰქონდა, რამაც საბოლოოდ ისინი დასახულ მიზნამდე მიიყვანა.

ევროზე არ ყოფილა არცერთი გუნდი იმდენად ძლიერი, რომ ერთი სტილით ეთამაშათ და მოეგოთ. 2018 წლის მუნდიალზე საფრანგეთი ასეთი იყო, 2010 წლის ფორმაციის ესპანეთის ნაკრებსაც ერთი და დომინანტური სტილი გააჩნდა, იგივეს თქმა 2014 წლის გერმანიაზეც შეგვიძლია, თუმცა ამჯერად ასეთი დომინანტი ნაკრები არ გვინახავს და როგორც უკვე აღვნიშნე, მოიგო იმან, ვისაც არსენალში უფრო მეტი იარაღი აღმოაჩნდა, რომლის გამოყენებაც იცოდა.

ევროს შემაჯამებელ სტატიაში მინდა რამდენიმე ფაქტორზე გესაუბროთ, რაც ტურნირის მსვლელობისას გამოიკვეთა. მათ შორის ის, თუ რატომ იყო იტალია საუკეთესო გუნდი. „სკუადრა აძურას“ მოგვიანებით დავუბრუნდები.

რესურსი, მოთმინება, ზედმეტი თვითდაჯერება, იღბალი...

საფრანგეთი - ტურნირის მთავარი იმედგაცრუება საფრანგეთის ნაკრები იყო, რომელსაც ერთი შეხედვით, ფურცელზე უდიდესი რესურსი ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ დიდიე დეშამს რესურსი დაცვაში არ აღმოაჩნდა, რაც მათი დამარცხების ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი იყო.

ტურნირის წინა შეფასებები, პრესა, ქომაგები, ექსპერტები - ამ ყველაფერმა საფრანგეთის ნაკრებზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

ამ ფაქტორებმა და განსაკუთრებით ბენზემას გუნდში დაბრუნებამ ბევრი რამ გადაფარა, მათ შორის შიდა კონფლიქტები და დეშამის მიერ ცუდად შერჩეული განაცხადი.

საფრანგეთის ნაკრები კლასიკური, ნათელი მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცე, როდესაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ხარ და ტურნირის მთავარი ფავორიტის სტატუსის ტარება გიწევს.

ამ ევროზე ასევე ვნახეთ, რომ მბაპეს ანრიმდე და რონალდომდე ბევრი უკლია და ამ ეტაპზე, ასეთი შედარებები მასზე ცუდად მოქმედებს.

ყველაზე თვალშისაცემი პენალტის გაცუდების შემდეგ მარტო მდგომი მბაპე იყო, რომელსაც კარგა ხნის განმავლობაში არავინ ამხნევებდა. ანალოგიურ მდგომარეობაში სხვა გუნდების რიგებში ასეთი რამ არ მომხდარა...

ესპანეთი - ესპანეთის ნაკრებმა დაგვანახა, რომ ამ გუნდს გაზრდა შეუძლია, თუმცა ჯერჯერობით საჭირო გუნდური ფსიქოლოგია ჩამოყალიბებული არ აქვთ. „ფურია როხამ“ მოსაგები მატჩები შედარებით სუსტ მეტოქეებთან საკმაოდ ცუდად ჩაატარა, შემდეგ კი ფავორიტ იტალიასთან ბევრისთვის მოულოდნელად, დალაგებულად, დამაჯერებლად და დომინანტურად ითამაშა.

საბოლოოდ, ესპანელებს ტაიმნახევრის კარგად თამაში ფინალში გასასვლელად არ ეყოთ. იყო, თუ არა ეს სწორ მომენტში სწორად შერჩეული ტაქტიკა, გეგმის სისრულეში მოყვანა ან იქნებ, უბრალოდ ძლიერ მეტოქესთან თავიანთი მაქსიმუმი დადეს, იქნებ ფავორიტის სტატუსის მოშორებამ „ფურია როხას“ მხრებიდან ტვირთი მოხსნა და სწორედ ამიტომ ითამაშეს? ყველაფერს მალე ვნახავთ. ლუის ენრიკეს გუნდისგან მეტს ელიან და ვნახოთ რომელი მოლოდინი და რომელი ვერსია აღმოჩნდება სწორი.

ნიდერლანდები - „ნარინჯისფერებს“ ყველაზე მეტად ეტყობოდათ, რომ მწვრთნელი აკლდათ. ეს რონალდ კუმანის გუნდი იყო და დე ბური არ არის ის სპეციალისტი, რომელსაც ასეთ რთულ მომენტში ნაკრები უნდა ჩაებარებინა.

კუმანის წასვლის მომენტში ფეხბურთის ფედერაცია ლუი ვან გაალის დანიშვნას აპირებდა, თუმცა შეცდნენ და დე ბური აირჩიეს. ამჯერად კი, როგორც ნიდერლანდული მედია წერს, „ნარინჯისფერებს“ უახლოესი 2 წლის განმავლობაში სწორედ ვან გაალი გაწვრთნის.

ამ გუნდს რესურსი ნამდვილად აქვს, რაც გასულ შესარჩევში და ერთა ლიგაზეც აჩვენეს, როცა საფრანგეთსა და გერმანიას მოუგეს.

ბელგია - გუნდი, რომელსაც ტურნირის დაწყებამდე და მისი მსვლელობის დროსაც, საფრანგეთთან ერთად მთავარ ფავორიტად მოიაზრებდნენ, თუმცა რობერტო მარტინესის გუნდს კვლავ „რაღაც“ დააკლდა.

ეს რაღაც სითამამეა. სტილი, რომლითაც ბელგიამ უნდა ითამაშოს და არა ის, რაც პორტუგალიასთან და იტალიასთან შეხვედრებში ვიხილეთ.

ბელგიელებს ალბათ ფრანგებზე ნაკლები პოტენციალი არ აქვთ, თუმცა მარტინესს იმპროვიზაციის პრობლემა აქვს. სათამაშო სქემას არასდროს ცვლის და 2016 წლიდან დღემდე წარმატების მიღწევას მუდამ ერთ სტილში ცდილობს.

ამასობაში კი დე ბრუინი უკვე 30 წლის არის და „წითელი ეშმაკების“ ოქროს თაობას ნელ-ნელა ოქროს წლები გასდის. მათ ბოლო შანსი, რომ რაიმე დასამახსოვრებელი შექმნან 2022 წლის მუნდიალზე ექნებათ.

პორტუგალია - პორტუგალიის ნაკრებიც დაახლოებით იგივე პრობლემის წინაშე დგას, როგორც ბელგია.

ნიჭიერი თაობა, ღრმა სათადარიგოთა სკამი, მაგრამ შეუსაბამო სათამაშო სტილი. ფერნანდუ სანტუშისთვის ეს გუნდი ზედმეტად ტექნიკური და შემტევია.

რა სტილითაც პორტუგალიამ ევრო 2016 მოიგო, დღეს უკვე სულ სხვა გუნდს ვხედავთ, რომელსაც გაცილებით შემტევი და თამამი მიდგომის მწვრთნელი სჭირდება.

გერმანია - ჰანსი ფლიკი - ამით ყველაფერი ნათქვამია. „ბუნდესმანშაფტის“ დაბრუნებას ბევრი ელის და მწვრთნელიც ისეთი ჰყავთ, რომლისგანაც რაღაც დიდს, დომინანტურს და სუფთა გერმანულ „მძიმე მეტალს“ ველით.

ფლიკს ნაკრებში მუშაობის გამოცდილება აქვს. წლების მანძილზე ლიოვის თამაშემწე იყო და სტრუქტურას, სპეციფიკას იცნობს. გერმანულ ფეხბურთს, რომ იდეალურად იცნობს ამაში თავისი „ბაიერნითაც“ დაგვარწმუნა.

დანია - ამ გუნდისგან სიურპრიზებს კიდევ უნდა ველოდოთ. პირველ რიგში იმიტომ, რომ მათი მწვრთნელი კასპერ ჰიულმანდია.

ის, რაც დანიამ მიმდინარე ევროზე გვიჩვენა - მებრძოლი ხასიათი, საოცარი გუნდურობა, ტაქტიკური ვარიაციები, როდესაც ერთ მატჩში სქემა 2-ჯერ და 3-ჯერ შეცვალეს.

დანიას პირველ რიგში საფეხბურთო სითავხედე ჰქონდა, რაც მათი კალიბრის გუნდებში არც ისე ხშირია და ნეიტრალური ქომაგების მხრიდან მათ მიმართ ამხელა სიმპათია სწორედ აქედან გამომდინარეობდა.

რაც უფრო მეტი საშუალო დონის ნაკრები ითამაშებს დანიელთა სტილში, ამით მხოლოდ ფეხბურთი მოიგებს.

ისევ ფინალისტები: იღბლიანი ინგლისი და იტალიელთა 3 მთავარი ფაქტორი

ინგლისის ნაკრებს 2018 წლის მუნდიალზე, ისევე როგორც ევრო 2020-ზეც სატურნირო ბადეში გაუმართლა და საკმაოდ კომფორტული გზა შეხვდა, თუმცა სანუკვარ მიზნამდე მაინც ვერ მივიდნენ.

საუთგეიტმა გუნდი ერთ მუშტად ნამდვილად შეკრა და ინგლისელები მოედანზე ბოლომდე იბრძოდნენ, ბოლო წუთამდე მაქსიმუმს დებდნენ, თუმცა ასეთ დონეზე ეს საკმარისი არ არის. უფრო მეტი რისკი, სითამამე, კრეატივი და ბურთთან ხშირი კონტაქტი იყო საჭირო.

რთულად წარმოსადგენია, რომ დღეს გუნდი გახდეს ჩემპიონი, რომელიც გოლის გატანის შემდეგ დაცვაში ჯდება და 90 წუთის გასვლას ელოდება. ხოლო, თუ გაუთანაბრე, შემდეგ პენალტების სერიას უცდიან.

პენალტები... ეს საერთოდ ცალკე თემაა. თერთმეტმეტრიანების სერია, ფინალი, 119-ე წუთი - მოედანზე უშვებ ორ ფეხბურთელს, რომელსაც იქამდე არ ენდობოდი და ასეთ მომენტში მნიშვნელოვან დარტყმას ანდობ. დიდი შანსია, რომ ფეხბურთელმა ფსიქოლოგიურ ზეწოლას ვერ გაუძლოს. ასეც მოხდა...

პოტენციალი ინგლისის ნაკრებს ნამდვილად აქვს და უკეთ თამაშიც შეუძლიათ, თუმცა ეს 5-3-2 და სრულიად უფანტაზიო ნახევარდაცვა მათ ვერაფერს მოაგებინებს და ეს თაობაც კარიერას უსახელოდ დაასრულებს.

ინგლისელთა თამაში ყველაზე ზუსტად ლეგენდარულმა არიგო საკიმ შეაფასა: „ინგლისმა ტაქტიკა ჩვენგან გადაიღო. მათ გოლი გაიტანეს და ამის შემდეგ ყველა თავს იცავდა. არსებობენ გუნდები, რომლებიც დღემდე „კატენაჩოს“ სტილს თამაშობენ, ერთ-ერთი ასეთი კი ინგლისია.

საუთგეიტს ალბათ ეგონა, რომ იტალიურ გუნდს ეთამაშებოდა, რომელმაც მხოლოდ დაცვა და შეტევა იცის. საკას ნაცვლად ტრიპიერის დაყენებამ ბევრი რამ თქვა საუთგეიტის ტაქტიკაზე. აშკარაა, რომ მას წარმოდგენა არ ჰქონდა რობერტო მანჩინის იდეების შესახებ.

ჩვენ გვეშინოდა, რომ ინგლისი ავსტრიის და ესპანეთის ტაქტიკას გამოიყენებდა პრესინგის მხრივ. ეს კი პრობლემებს აუცილებლად შეგვიქმნიდა, თუმცა ასე არ მოხდა“.

რაც შეეხება „სკუადრა აძურას“ - მანჩინის გუნდზე საუბარი სტატიის დასაწყისში დავიწყე. იტალიელები მრავალფეროვნებით გამოირჩეოდნენ.

მწვრთნელს არსენალში რამდენიმე განსხვავებული იარაღი ჰქონდა, რომლებიც მეტოქიდან გამომდინარე შესაბამისად გამოიყენა და შედეგამდე ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდა.

იტალიელთა თამაშში რამდენიმე დეტალი მინდა გამოვყო. პირველ რიგში სპინაცოლას როლი. ბოლო წლებში განაპირა მცველს გუნდის თამაშზე ამხელა გავლენა მოეხდინოს დიდი იშვიათობაა.

რა თქმა უნდა, სპინაცოლაზე ძლიერი ფლანგის მცველებიც გვინახავს და შედარებას არც ვაკეთებ. საუბარი მაქვს ამ ფორმაციის იტალიის ნაკრებზე, რომელსაც გამოკვეთილი ლიდერი და მეგავარსკვლავი არ ჰყოლია.

ასეთ გუნდში სპინაცოლას როლი, მისი შეტევაში ჩართვები „სკუადრა აძურასთვის“ ერთ-ერთი მთავარი იარაღი იყო. მასთან ერთად ინსინიეც უფრო თამამი და თავდაჯერებული იყო.

ამ დუეტის დაშლის შემდეგ იტალიელთა თამაში მცირედით შეიცვალა და შეტევა ნაკლებად პროდუქტიული გახდა. ეს შემთხვევითი არ ყოფილა.

და რა თქმა უნდა ნახევარდაცვის ხაზი - იტალიელთა თამაში მთლიანად ამაზე იყო აგებული და ეს ყველაზე მეტად ესპანეთის წინააღმდეგ გამოჩნდა, როცა მანჩინის გუნდმა ბურთი დაკარგა და 120 წუთიან ბრძოლაში დაცვას ძალიან გაუჭირდა.

მიუხედავად კიელინი-ბონუჩის წყვილისადმი დიდი პატივისცემისა, იტალიას გაცილებით ძლიერი დაცვაც ჰყოლია. ამ ფორმაციის ნაკრების მთავარი პლუსი უკან დგომა და ანტიფეხბურთი არ ყოფილა, სწორედ ამიტომ მოიგეს ნეიტრალური გულშემატკივრების გულები.

მაგალითისთვის ფინალი ავიღოთ. მარკო ვერატი ინგლისის წინააღმდეგ ბურთს 134-ჯერ შეეხო, ეს მაჩვენებელი იმაზე მეტია ვიდრე რაისის (49), ფილიპსის (57) და ჰენდერსონის (22) ერთად.

და „ჟორჟი“? ჟორჟინიოს ევროზე ყველაზე მეტი 25 ჩაჭრა ჰქონდა. ეს კი ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია. ერთ ტურნირზე ამდენი ჩაჭრა არავის შეუსრულებია. ხსენებულ სტატისტიკას 1980 წლიდან ითვლიან.

და ბოლოს ფეხბურთელი, რომელმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - ფედერიკო კიეზა. რა ჰქონდა მას ისეთი და რატომ არის გამორჩეული?

ინსინიესგან და ბერარდისგან დაახლოებით იცი რასაც უნდა ელოდო, რას გააკეთებენ ამა თუ იმ სიტუაციაში - ცრუმოძრაობა, გადახრა და შემდეგ ბურთის ცენტრისკენ შემოწევა, როსაც დარტყმა მოჰყვება.

კიეზას სახით კი იტალიელებს ერთადერთი არაორდინალური შემტევი ჰყავთ. მისი სათამაშო სტილი თითქოს წარსულიდან გადმოსულ ძველ ფეხბურთს გვაგონებს - ნაკლებად პროგნოზირებადი, შეტევა, რომელსაც არ გეგმავ და ყველაფერს გზადაგზა იფიქრებ, რაც მოულოდნელობის ეფექტს იწვევს, მეტი ემოცია მოაქვს და მეტოქის დაცვას პანიკაში აგდებს.

შესაძლოა ვამეტებ და მიკერძოებულად ვფიქრობ (მიუხედავად იმისა, რომ იტალიის ქომაგი არასდროს ვყოფილვარ), მაგრამ მგონია რომ ეს ბიჭი კიდევ უფრო მოუმატებს და გაცილებით მაღალ საფეხურზე ავა.

კიეზამ ევრო 2020-ზე ყველაზე მეტი ისეთი შეტევა განახორციელა, რომელიც მან ან დარტყმით (9) დაასრულა ან შექმნილი შანსით (3). ჯამში ამ მაჩვენებლებით (12) ტურნირზე საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

დასკვნა - იმედის ნაპერწკალი

ევრო 2020-მა ოპტიმიზმის საფუძველი მოგვცა. სანაკრებო ფეხბურთს უკვე დიდი ხანია ეძინა და პრაგმატული სტილის დომინირების ყურება გვიწევდა, თუმცა ამ ჩემპიონატზე რეკორდულად ბევრი გოლი გავიდა, ვნახეთ ბევრი დრამატული მატჩი, სადაც უფრო მეტი რისკი იყო, ვიდრე პრაგმატული გადაწყვეტილებები, ყველაფერი კი ერიკსენით დაიწყო.

ტურნირის მეორე დღეს ამ შოკისმომგვრელმა კადრებმა ევრო 2020 განსაკუთრებულად რამდენიმე წუთში აქცია. საბედნიეროდ ყველაფერი კარგად დასრულდა და ამაში თავისი წვლილი ექიმებთან ერთად საიმონ კიაერმაც შეიტანა.

კაპიტანი ერიკსენს მინდორზე დაცემიდან რამდენიმე წამში დაეხმარა. უზრუნველყო, რომ მას სუნთქვა შეძლებოდა და იგი სწორ მდგომარეობაში დატოვა. შედეგად მან თანაგუნდელს სიცოცხლე შეუნარჩუნა, რის შემდეგაც კრისტიანის მეუღლესთან მივიდა და უთხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, საბოლოოდ ასეც მოხდა.

ამ მომენტში ფეხბურთი არავის ახსოვდა, ტურნირი შესაძლოა ისტორიაში უმძიმესი ფაქტით შესულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა - სიცოცხლემ სიკვდილზე გაიმარჯვა, ამან კი დანიის ნაკრები დამუხტა, ხოლო მთელს ჩემპიონატს განსაკუთრებული ადრენალინი მისცა.

„ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, რომ ფეხბურთი სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. მე ასეთი დამოკიდებულებისა და შეხედულების გამო ძალიან იმედგაცრუებული ვარ. მე გარწმუნებთ, რომ ფეხბურთი ამაზე გაცილებით, გაცილებით მნიშვნელოვანია“. - ბილ შენკლი.

ფეხბურთი გაცილებით მეტია ვიდრე უბრალოდ თამაში. ამ ტურნირმა პირადად მე დადებითი ემოციები დამიტოვა და იმედი მაქვს, სანაკრებო ფორუმები ამ ტემპს დაიჭერენ და მის შენარჩუნებას შეძლებენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში