ოფიციალურად: ქართველი ჰოკეისტი შვედეთის ჩემპიონატში ითამაშებს
Aa
Aa

ოფიციალურად: ქართველი ჰოკეისტი შვედეთის ჩემპიონატში ითამაშებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების ჰოკეისტი კარიერას შვედეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 21 წლის სპორტსმენი თემურ ვედიაპინი კლუბ ვედიგეს ''დინამოში'' ჩაირიცხა, რომლის რიგებში 2021-22 წლების სეზონს გაატარებს.

აღნიშნული კლუბი შვედეთის რანგით მესამე ლიგაში ასპარეზობს. ვედიაპინი ამპლუით მარჯვენა ფლანგის შემტევია.

შვედეთის ჩემპიონატში გადასვლამდე კანადურ ''მანივაკი მუსტანგსში'' ასპარეზობდა, რომელიც კანადის პრემიერ იუნიურთა ლიგაში გამოდიოდა, ხოლო ''მანივაკი მუსტანგსში'' ჩარიცხვამდე საქართველოს ეროვნულ გუნდში ასპარეზობის პარალელურად თბილისის ''რუხი მგლების'' მოთამაშე იყო.

შეგახსენებთ, 2018 წლის მაისში, როცა ვედიაპინის კანადურ კლუბში გადასვლა გადაწყდა, მოთამაშე CrystalSport-ს ესაუბრა და სპორტსმენად ჩამოყალიბების განვლილი წლები გაიხსენა (იხილეთ): 

''პირველად 2005 წელს დავდექი ყინულზე, როცა მამამ “ყინულის რაინდებში’’ მიმიყვანა. ეს გუნდი სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა. მომეწონა ჰოკეის თამაში და მას შემდეგ სპორტის ამ სახეობით ვარ დაკავებული.

2012 წელს ‘‘ყინულის რაინდებთან’’ ერთად თურქეთის ქალაქ ერზრუმში გამართულ ტურნირში მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავედით. ეს იყო ჩემი პირველი ასპარეზობა საერთაშორისო გათამაშებაში. ასევე მესამე ადგილზე დავიკავეთ 2017 წელს ბულგარეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ბულგარეთში მოპოვებული გამარჯვებით მესამე დივიზიონიდან მეორე დივიზიონში გადავედით, რაც ცხადია ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატება იყო''.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები