''კანადაში გამგზავრებამდე მოსამზადებელი პირობები არ მაქვს'' - 18 წლის ქართველი კანადურ ჰოკეიში
Aa
Aa

''კანადაში გამგზავრებამდე მოსამზადებელი პირობები არ მაქვს'' - 18 წლის ქართველი კანადურ ჰოკეიში

ჰოკეიში კანადურმა გუნდმა “მინივაკის მუსტანგებმა'' ქართველ ფორვარდ თემურ ვედიაპინთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 18 წლის ქართველი სპორტსმენი კანადაში აგვისტოში გაემგზავრება და ახალ კლუბთან ერთად კანადის 21 წლამდე პრემიერლიგაში იასპარეზებს. როგორც ქართველი მოთამაშე აცხადებს, საქართველოში მოსამზადებელი ეტაპის გავლა მხოლოდ ბათუმშია შესაძლებელი, რისი მატერიალური საშუალებაც არ აქვს. ვედიაპიანი პირველი ქართველი ჰოკეისტია, რომელიც კანადაში ითამაშებს. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი crystalsport-ს ესაუბრა.

საერთაშორისო გამოცდილება

პირველად 2005 წელს დავდექი ყინულზე, როცა მამამ “ყინულის რაინდებში’’ მიმიყვანა. ეს გუნდი სწორედ იმ პერიოდში ჩამოყალიბდა. მომეწონა ჰოკეის თამაში და მას შემდეგ სპორტის ამ სახეობით ვარ დაკავებული.

2012 წელს ‘‘ყინულის რაინდებთან’’ ერთად თურქეთის ქალაქ ერზრუმში გამართულ ტურნირში მივიღე მონაწილეობა და მესამე ადგილზე გავედით. ეს იყო ჩემი პირველი ასპარეზობა საერთაშორისო გათამაშებაში. ასევე მესამე ადგილზე დავიკავეთ 2017 წელს ბულგარეთში გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ბულგარეთში მოპოვებული გამარჯვებით მესამე დივიზიონიდან მეორე დივიზიონში გადავედით, რაც ცხადია ჩვენი გუნდისთვის დიდი წარმატება იყო.

2015 წელს ფინეთში გამართულ “კემპზე’’ ვიმყოფებოდი. ფინეთში თან ჰოკეის მწვრთნელი გიორგი ნატროშვილი მახლდა. ფინეთში გამოცდილების მიღების მიზნით გავემგზავრეთ.

ინფრასტრუქტურული მდგომარეობა ქართულ ჰოკეიში

თბილისში ჰოკეის სტანდარტული მოედანი არაა, რის გამოც ბათუმში გვიწევს ხოლმე შეკრებების გავლა. მხოლოდ ბათუმშია სტანდარტული ტიპის მოედანი. აქედან გამომდინარე საშინაო შეხვედრებს ყოველთვის ბათუმში ვატარებთ. სამწუხაროდ თბილისში მომზადების პირობები არაა, მაგრამ მეორე დივიზიონში გადასვლის შემდეგ ხელისუფლების წარმომადგენლები დაგვპირდნენ რომ სამი სტანდარტული ტიპის მოედანი გაკეთდება, რაც ჰოკეის განვითარებს ხელს შეუწყობს.

მოულოდნელი წინადადება

ნამდვილად არ ველოდი, რომ კანადური კლუბი ჩემით დაინტერესდებოდა. პირადად მე დამიკავშირდნენ და რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა. სწავლის გაგრძელებას კანადაში ვგეგმავ, თუმცა ერთი წელი ვითამაშებ “მინივაკის მუსტანგებში’’ და შემდეგ უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ჩავაბარებ.

ყინულის მოედანზე თავს ყველაზე კარგად ფორვარდის ამპლუიაში ვგრძნობ. იმედი მაქვს კანადაში თავს კარგად წარმოვაჩენ და გუნდში ადგილის დამკვიდრებას შევძლებ.

მოსამზადებელი ეტაპი კანადაში გამგზავრებამდე

კანადაში აგვისტოში გავემგზავრები, მანამდე კი ფიზიკურად მოვემზადები. თბილისში მხოლოდ 1 კვირა იქნება ყინული და შემდეგ ყინული უნდა გადნეს. ბათუმში წასვლისთვის და მომზადებისთვის მატერიალური საშუალება არ მაქვს. ასე რომ მთავარ აქცენტს ფიზიკურ მომზადებაზე გავაკეთებ.

ჰოკეის საყვარელი მოთამაშე

ბავშვობაში ყველაზე მეტად ჯონ ტორონტონის თამაში მომწონდა, რომელიც ‘‘სან ხოსე შარკში’’ ასპარეზობდა. ახლაც ამ გუნდის წევრია. ის ჩემი საყვარელი ჰოკეისტია.

ცხელი ამბები