Aa Aa
22 ივნისი 2021  |  12:49

სენეგალელმა კალათბურთელმა 72 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა

სენეგალელმა კალათბურთელმა, მუჰამად ფადალ დიუფმა 72 წლის მამაკაცი სიკვდილს გადაარჩინა. ამ უკანასკნელმა ხიდზე ყოფნისას გონება დაკარგა და მდინარეში გადავარდა, მისი გადარჩენა კი საკუთარ თავზე 3-მა ადამიანმა აიღო და ერთ-ერთი მათგანი საკალათბურთო კლუბ „ბილბაოს“ წარმომადგენელი გახლდათ.

ინციდენტიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, სოციალურ ქსელებში მომხდარის ამსახველი კადრები გავრცელდა და კალათბურთელსა და მის დამხმარეებს მადლობა უამრავმა ადამიანმა გადაუხადა. მუჰამად ფადალ დიუფი „ბილბაოს“ მიერ წამოწყებული პროექტის წევრია, რომელიც პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეების აღმოჩენას ემსახურება.

მომხდარს ბასკური კლუბიც გამოეხმაურა და სოციალურ ქსელებში ასეთი შინაარსის პოსტი გამოაქვეყნა: „გვინდა, ჩვენი პროექტის, DeiaBihotz Kantxa-ს წარმომადგენელ კალათბურთელს, მუჰამადს მადლობა საჯაროდ გადავუხადოთ იმ გმირობისთვის, რომელიც გუშინ გამოიჩინა. მას ბევრი არ უფიქრია და მდინარეში გადახტა, რათა გადაერჩინა მამაკაცი, რომელმაც გონება დაკარგა. მუჰამად, შენ ჩვენი ღირებულებების თვალსაჩინო მაგალითი ხარ და ზუსტად ის ხარ, რაც გვინდა, რომ იყო“.

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ფადალი ადამიანის გადასარჩენად მდინარეში ხტება. Deia-ს ინფორმაციით, მან იგივე 2019 წელსაც გააკეთა.   

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში