უკვე ოფიციალურად - ტოკიოს ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ძალოსანი გამოვა
Aa
Aa

უკვე ოფიციალურად - ტოკიოს ოლიმპიადაზე ტრანსგენდერი ძალოსანი გამოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ისტორია დაიწერება, რომელსაც უდიდესი გამოხმაურება მოჰყვება. ახალ ზელანდიელი ძალოსანი, ლორელ ჰაბარდი პირველი ტრანსგენდერი სპორტსმენი გახდება, რომელიც ოლიმპიადაზე გამოვა.

ახალი ზელანდიის ოლიმპიურმა კომიტეტმა განცხადება გაავრცელა და ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჰაბარდი ახალი ზელანდიის ძალოსანთა ნაკრების შემადგენლობაში მოხვდა. 43 წლის სპორტსმენი მედლის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, თუმცა საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ მას სხვა ქალებთან შედარებით უპირატესობა აქვს.

„მადლობელი და ბედნიერი ვარ იმ სიკეთისა და მხარდაჭერის გამო, რომელიც ახალმა ზელანდიელებმა ჩემ მიმართ გამოიჩინეს. 3 წლის წინ, როცა მხარი დავიზიანე, მითხრეს, რომ ჩემი სპორტული კარიერა დასრულებული იყო, თუმცა თქვენმა მხარდაჭერამ, თქვენმა გამამხნევებელმა სიტყვებმა და თანადგომამ სიბნელიდან გამომიყვანა“, - განაცხადა ჰაბარდმა.

ჰაბარდის შესახებ ახალი ზელანდიის ოლიმპიური კომიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა, კერეინ სმიტმაც ისაუბრა: „ლორელი ამ ღონისძიებისთვის საუკეთესო სპორტსმენია და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის კრიტერიუმებიც დააკმაყოფილა. სპორტში გენდერული იდენტობა ძალიან მგრძნობიარე და რთული საკითხია, რომელიც ადამიანთა უფლებებსა და სამართლიანობას შორის ბალანსის დავას მოითხოვს. ახალი ზელანდიის ნაკრებს პატივისცემის უდიდესი კულტურა აქვს. ჩვენ მხარს დავუჭერთ სპორტსმენებს, რომლებმაც ოლიმპიადაზე გამოსვლა დაიმსახურეს და ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მათ ფსიქოლოგიურად და ფიზიკურად თავი კარგად იგრძნონ და მაქსიმუმის ჩვენებაში ხელი არაფერმა შეუშალოთ“.  

შეგახსენებთ, რომ ჰაბარდმა სქესი 35 წლის ასაკში შეიცვალა და მანამდე სპორტულ ღონისძიებებში გევინ ჰაბარდის სახელით მონაწილეობდა. 2016 წლის იანვარში, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ტრანსგენდერ სპორტსმენებს ნებისმიერ ღონისძიებაზე გამოსვლის უფლება მისცა. საამისოდ, მათ უნდა დაამტკიცონ, რომ მათი ტესტოსტერონის დონე ბოლო 12 თვის განმავლობაში 10 ნანომოლი/ლიტრზე დაბალია.

ჰაბარდისთვის ოლიმპიადაზე გამოსვლის უფლების მიცემის წინააღმდეგი სპორტსმენებიც არიან. ბრიტანელი მოცურავის, შერონ დევისის თქმით, ხალხი მხოლოდ მაშინ მიხვდება, რამდენად უსამართლობაა ქალთა შორის ტრანსგენდერის დაშვება, როცა ყველაფერს საკუთარი თვალით იხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები