კავაისა და ჯორჯის გმირობა - კლიპერსი სერიაში დაბრუნდა და ჩამორჩენა შეამცირა
Aa
Aa

კავაისა და ჯორჯის გმირობა - კლიპერსი სერიაში დაბრუნდა და ჩამორჩენა შეამცირა

„ლოს ანჯელეს კლიპერსმა“ „იუტა ჯაზთან“ სერიაში ჩამორჩენა შეამცირა. სტუმრად გამართული 2 შეხვედრის შემდეგ, კავაი ლეონარდისა და პოლ ჯორჯის გუნდი „ჯაზმენებს“ საკუთარ კედლებში დაუპირისპირდა და მეტოქე 132-106 გაანადგურა.

„კლიპერსმა“ ის თამაში აჩვენა, რომელსაც გულშემატკივრები მისგან ითხოვენ. ლოს ანჯელესელები უპირატესობას მთელი შეხვედრის განმავლობაში ფლობდნენ და პირველი ტაიმი 15 ქულით მოიგეს, ხოლო მეოთხე მეოთხედში წინ 28 ქულითაც იყვნენ.

„კლიპერსს“ კავაი ლეონარდმა ულიდერა, რომელმაც 34 ქულა, 12 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა. პოლ ჯორჯის ანგარიშზე 31 ქულა და 5 ასისტი იყო. ნიკოლა ბატუმმა და რეჯი ჯექსონმა კი 17-17 ქულა მიითვალეს.

„იუტას“ რიგებში საუკეთესო დონოვან მიჩელი იყო, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. ჯო ინგლსი 19 ქულას დასჯერდა. რუდი გობერმა 12 ქულა და 10 მოხსნა გაიფორმა, ხოლო ჯორდან კლარკსონმა მატჩი 14 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ „იუტა“ სერიას 2-1-ს იგებს და მომდევნო შეხვედრას კვლავ სტუმრად გამართავს. „კლიპერსს“ ანგარიშის გათანაბრების შანსი 15 ივნისს ჩანიშნულ შეხვედრაში მიეცემა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები