კლიპერსი ისევ 0-2-ს აგებს - ჯაზმა მეორე შეხვედრაც მოიგო
Aa
Aa

კლიპერსი ისევ 0-2-ს აგებს - ჯაზმა მეორე შეხვედრაც მოიგო

„ლოს ანჯელეს კლიპერსი“ რთულ მდგომარეობაში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა. ტაირონ ლუს გუნდმა „დალასთან“ წაგებული საწყისი 2 შეხვედრის შემდეგ, იგივე „იუტა ჯაზთან“ გააკეთა და „ჯაზმენებთან“ სტუმრად გამართული ორივე დაპირისპირება დათმო.

პირველი მატჩისგან განსხვავებით, მეორე შეხვედრა „იუტას“ კარნახით დაიწყო. „ჯაზმა“ საწყისი ნახევარი 13 ქულით მოიგო, თუმცა მეორე ტაიმი „კლიპერსის“ უპირატესობით წარიმართა. ლოს ანჯელესელები მეოთხე მეოთხედში 2 ქულითაც დაწინაურდნენ, მაგრამ დარჩენილ დროში უკეთ „იუტამ“ იასპარეზა და დამსახურებულად იმარჯვა - 117-111.

„ჯაზს“ 37 ქულით დონოვან მიჩელმა ულიდერა. ჯო ინგლსს 19 ქულა, 4 მოხსნა და ამდენივე ასისტი ჰქონდა. ბოგდანოვიჩის ანგარიშზე 16 ქულა იყო, ხოლო ჯორდან კლარკსონი 24 ქულას დასჯერდა.

„კლიპერსის“ რიგებში 29 ქულით საუკეთესო რეჯი ჯექსონი გახლდათ. პოლ ჯორჯმა 27 ქულა, 10 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. კავაი ლეონარდმა კი მატჩი 21 ქულით, 4 მოხსნითა და 5 ასისტით დაასრულა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „იუტა“ სერიაში 2-0-ს იგებს და მომდევნო შეხვედრა „სტეიპლს სენთერში“ გაიმართება. NBA-ის გულშემატკივრები სერიის მესამე მატჩს 13 ივნისს იხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები