„თბილისელთა მასტერკლასი
Aa
Aa

„თბილისელთა მასტერკლასი" - ვესტ ჰემმა დინამოსთან წაგებული მატჩი გაიხსენა

„ვესტ ჰემი“ კლუბის 125-წლიანი ისტორიის გამორჩეულ მომენტებს ინგლისური ანბანის მიხედვით იხსენებს და მათ შესახებ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობს. ასო D-ზე „ჩაქუჩებმა“ დებიუტები, „ვესტ ჰემის“ დანიელი ფეხბურთელები, ალან დევონშაირი, ჯონ დიკი, ფრეები (Draws) და თბილისის „დინამოსთან“ გამართული დაპირისპირება გაიხსენეს.

„ბოლეინ გრაუნდზე გამართულ მატჩებში ვესტ ჰემის ქომაგებმა აპლოდისმენტებით მხოლოდ რამდენიმე სტუმარი გუნდი გააცილეს და თბილისის დინამო ერთ-ერთი მათგანი გახლდათ.

1981 წლის მარტში, თასების მფლობელთა თასის გათამაშების მესამე რაუნდში, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელმა დინამომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენა მათ შორის, რომელიც აღმოსავლეთ ლონდონს ოდესმე უნახავს.

ვესტ ჰემის გულშემატკივრებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ მათი საყვარელი კლუბი ამ ტურნირის ფინალში მეორედ გავიდოდა. ჯონ ლაიოლის გუნდს, რომელიც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონის ტიტულის მოგების გზაზე იყო, ლიგის თასის ფინალში თამაში განაღდებული ჰქონდა და 1980 წლის აგვისტოს შემდეგ, საშინაო კედლებში 22-მატჩიანი წაუგებელი სერიით იწონებდა თავს, თუმცა დინამო, რომელმაც წინა სეზონში, ჩემპიონთა თასის პირველ რაუნდში უძლეველი ლივერპული ორი მატჩის ჯამში 3-1 დაამარცხა, საერთოდ სხვა დონეზე იყო. დინამოსთვის წინააღმდეგობის გაწევა ურთულესი გახლდათ. თბილისელებმა ორივე ტაიმში 2-2 გოლი გაიტანეს და დამსახურებულად იმარჯვეს - 4-1.

2015 წელს, კრეგ მაკკრაკენმა Guardian-ში ასეთი რამ დაწერა: „ბოლეინ გრაუნდზე გამართული პირველი მატჩი სტუმართა მხრიდან საზრიანი, მოქნილი, სწრაფი და პირდაპირი ფეხბურთის მასტერკლასი იყო და თბილისელებმა კონტრშეტევებზე ერთ-ერთი საუკეთესო თამაში აჩვენეს, რომელსაც ალბათ, ოდესმე ნახავთ. ამ მატჩის ჩანაწერი უეფამ მწვრთნელების კურსებისას სასწავლო მასალად უნდა გამოიყენოს. ვესტ ჰემის ფეხბურთელებმა შეხვედრის დიდი ნაწილი მოუხელთებელი თეთრი ჩრდილების უიმედო დევნაში გაატარეს და პარალელურად, ცდილობდნენ, რომ სამარცხვინო ანგარიშით არ წაეგოთ. ის ფაქტი, რომ 4-1-ით დამარცხდნენ, მათთვის მისაღები გახლდათ“.

მატჩის ჩანაწერზე, რომლის ხილვაც Youtube-ზე შეგიძლია, ნახავთ ალექსანდრე ჩივაძეს, რომელიც თავისი ნახევრიდან დაიძრა და ფილ პარკსს 30 იარდიდან გაუტანა, გუცაევს, რომელმაც რეი სტიუარტს ბურთი წაართვა და სტუმრების უპირატესობა 2-ბურთიანი გახადა, დევიდ კროსს, რომელმაც თავური დარტყმით ჩამორჩენა შეამცირა და რამაზ შენგელიას, რომელმაც თავისი დუბლით ჩაქუჩებს იმედები გადაუწურა.

საფინალო სასტვენის შემდეგ, სტადიონზე შეკრებილი 34 957 გულშემატკივრის უმრავლესობამ თბილისის დინამოს ტაში დაუკრა და ამ ჟესტით თბილისელთა მიერ ნაჩვენები საოცარი ფეხბურთი დააფასა. 

როგორც ჩივაძემ, ისე შენგელიამ თავიანთი შესანიშნავი კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოები მოიგეს, 1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კი ჩივაძე სსრკ-ს საფეხბურთო გუნდის კაპიტანი გახლდათ.

ლენინის სახელობის სტადიონზე გამართულ განმეორებით მატჩში, რომელსაც 80 000 ქომაგი დაესწრო, ვესტ ჰემმა ღირსება აღიდგინა და სტუარტ პირსონის გოლით 1-0 იმარჯვა, თუმცა ორი მატჩის ჯამში 2-4 დამარცხდა. დინამო კი ტურნირის გამარჯვებული გახდა. თბილისელებმა ნახევარფინალში ფეიენოორდი, ხოლო ფინალში კარლ ცაისი დაამარცხეს“, - წერს „ვესტ ჰემის“ ოფიციალური საიტი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები