საქართველოს ჩემპიონატი - კრივის დღე თბილისში !
Aa
Aa

საქართველოს ჩემპიონატი - კრივის დღე თბილისში !

თბილისში, გლდანი-ნაძაადევის სპორტულმა ცენტრმა პროფესიონალურ კრივში მორიგ სარეიტინგო ბრძოლებს უმასპინძლა.Boxing Group Promotion-ისა და საქართველოს პროფესიონალური კრივის კავშირის მიერ ორგანიძებულ ღონისძიებაში მონაწილეობა გამორჩეულმა მოკრივეებმა საქართველოს სხვადასხვა ქალაქების კრივის კლუბებიდან მიიღეს.აღსანიშნავია, რომ საკრივო შოუ უაღრესად საინტერესოდ, დაძაბულად  და დრამატულად წარიმართა. 

საინტერესო გამოდგა 66 კგ წონით კატეგორიაში გამართული ბრძოლა ახალციხელ რატი მიგრიაულსა და სამოყვარულო კრივში სახელმოხვეჭილ მოკრივეს, თბილისელ გიორგი გაბოძეს შორის, რომელსაც პროფესიონალურ რინგზე დებიუტი ჰქონდა. „ხვლიკმა“ (გაბოძის მეტსახელი) მძლავრი და ოსტატური დარტყმებით დაიწყო ბრძოლა, თუმცა მიგრიაულმა კიდევ ერთხელ გამოავლინა საოცარი ამტანობა, ბრძოლისუნარიანობა და შეუდრეკელი ხასიათი. ახალციხელი გამუდმებული და მოუღლელი იერიშებით მძლავრად მიაწვა მეტოქეს და არაერთი უძლიერესი დარტყმაც მიაყენა. მეტოქეები მუდმივად ცვლიდნენ დარტყმებს და ერთმანეთს ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ. უაღრესად დინამიური და ემოციური ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. საბოლოოდ მსაჯთა გადაწყვეტილებით ქულებით გამარჯვება გაბოძეს მიენიჭა, თუმცა დარბაზში შეკრებილმა საზოგადოებამ ალალი ტაში არც მიგრიაულის მისამართით დაინანა.

თავიდანვე დიდ ინტერესს იწვევდა 56 კილოგრამ წონით კატეგორიაში გასამართი 6 რაუნდიანი ორთაბრძოლა ევროპულ რინგებზე გამობრძმედილ, „ქართველ მაკგრეგორად“ წოდებულ ხვიჩა გიგოლაშვილსა და ასევე უკვე საკმაოდ გამოცდილ თბილისელ მებრძოლ ედგარ სარქისიანს შორის. სარქისიანი ბრძოლის დაწყებამდე აცხადებდა, რომ გიგოლაშვილის მძლავრ დარტყმებს უპასუხოდ არ დატოვებდა. ასეც მოხდა - ედგარი მედგრად გაუმკლავდა მეტოქის უძლიერეს შეტევებს და არც თავად დაიშურა გამანადგურებელი ჰუკები. სწრაფი და ტექნიკური მოქმედებებით იგი მუდმივად ცდილობდა მეტოქის დაბნევას. მოკრივეთა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო მომენტამდე ორივე მათგანი თავდაუზოგავად იბრძოდა გამარჯვებისათვის და ქომაგთა თვალსასეიროდ ბრძოლისას არც შოუს ელემენტების გამოყენებაზე ამბობდა უარს. შეხვედრის ბოლოს მსაჯებმა ქულები დაითვალეს და დამსახურებული გამარჯვება ედგარ სარქისიანს მიანიჭეს. 

კრივის დღის კულმინაცია როგორც მოსალოდნელი იყო ქუთაისელი ამბროსი სუთიძისა და გურჯაანელი შალვა გუჩმაზოვის დაპირისპირება გამოდგა. 72 კილოგრამ წონით კატეგორიაში გამართულ ბრძოლაში უაღრესად გამოცდილმა სუთიძემ ძალზე აქტიურად დაიწყო ბრძოლა და არაერთი დასამახსოვრებელი მომენტიც შექმნა, თუმცა მე-3 რაუნდიდან  გუჩმაზოვმა აქტიურობას უმატა და უპირატესობაც მოიპოვა. მე-4 რაუნდში გურჯაანელმა დარტყმების კორიანტელი დაატეხა თავს მეტოქეს, ჯიქურ შეუტია და ჯერ ნოკდაუნი აგემა, მერე კი ბრძოლის დამთავრებას აღარ დაელოდებია, თავისი შესანიშნავი ფიზიკური ფორმა სრულად წარმოაჩინა და ნოკაუტით მოათავა საქმე.

ვადაზე ადრე გაიფორმეს მორიგი გამარჯვებები ორთაბრძოლების ფავორიტებმა - 21 წლის გიორგი უმეკაშვილმა და გამოცდილმა ფოთელმა მებრძოლმა იაგო კიზირიამ. უმეკაშვილმა სხეულზე უძლიერესი დარტყმებით გატეხა ახალგაზრდა ნიკა ბუქურის წინააღმდეგობა, კიზირიამ კი ტექნიკური ნოკაუტით მოამთავრა საქმე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პროფესიონალურ რინგზე დაბრუნებულ თბილისელ გიორგი ზალიკალიანთან.

არანაკლებ დაძაბული და საინტერესო იყო სხვა ბრძოლებიც, რომელთა შედეგებიც ასეთია:

64 კგ 4 რაუნდი
მამუკა აბულაძე (ვარიანი) - შოთა ჯვარიძე (ახალციხე) - გაიმარჯვა აბულაძემ

60 კგ 4 რაუნდი
ირაკლი შარიაშვილი (რუსთავი) - დავით ბიძინაშვილი (გორი) - გაიმარჯვა შარიაშვილმა

66 კგ 4 რაუნდი
საბა მაჭარაშვილი (რუსთავი) - ლუკა ჭილაური (თბილისი) - გაიმარჯვა ჭილაურმა

59 კგ 4 რაუნდი
მიხეილ გაბინაშვილი (გორი) - აკაკი კაკრიაშვილი (გარდაბანი) - ბრძოლა დამთავრდა ფრედ

73 კგ 4 რაუნდი
ლუკა გოგობერიშვილი (თბილისი) - ვალერი გოჯიაშვილი (გურჯაანი) - გაიმარჯვა გოგობერიშვილმა

79 კგ 4 რაუნდი
ბექა ადუაშვილი (თბილისი) - ბადრი გოგიჩაშვილი (გორი) - ბრძოლა დამთავრდა ფრედ.

პროფესიონალური კრივის კავშირის პრეზიდენტის, გიორგი კანდელაკის თქმით საქართველოში ჩატარებული ორთაბრძოლები, რომელთა შედეგებიც მსოფლიო კრივის რეიტინგში აისახება უკიდურესად მნიშვნელოვანია პროფესიონალ მოკრივეთა კარიერული პროგრესის გზაზე და მსგავსი ღონისძიებების გამართვა კვლავაც გაგრძელდება, მათ შორის არა მხოლოდ თბილისში, არამედ საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც. მომავალში იგეგმება საქართველოს საჩემპიონო ქამრისათვის ბრძოლების ორგანიზებაც. უახლოესი საკრივო შოუ  კი 27 ივნისსაა ჩანიშნული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები