Aa
Aa

ყველაზე სასარგებლო საბონისის შემდეგ - შერმადინის ისტორიული სეზონი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში რეგულარული სეზონი დასრულდა და 31 მაისს პლეიოფები დაიწყება. ტენერიფულმა გაზეთმა, El Dia-მ საკუთარ ვებგვერდზე, Eldia.es-ზე გიორგი შერმადინის შესახებ სტატია გამოაქვეყნა და „შერმინატორის“ ისტორიულ სეზონზე ისაუბრა.

„რეგულარული სეზონის ბოლო დღემ დაადასტურა, რომ გიორგი შერმადინი ლიგა ენდესას ყველაზე ღირებული კალათბურთელია. ქართველი ცენტრის სარგებლიანობის კოეფიციენტი საშუალოდ მატჩში 22.5 გახლავთ. გიორგის მიერ დაფიქსირებული სტატისტიკა ფანებმა აღიარეს და სეზონის MVP-დ დაასახელეს, შემდგომში კი არჩევანი კალათბურთელებმა, მწვრთნელებმა და ჟურნალისტებმა უნდა გააკეთონ.

ეჭვგარეშეა, რომ ქართველმა ცენტრმა მესამეადგილოსან ლენოვო ტენერიფეს თავისი კვალი დაატყო. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში მისი ლიდერობა და უერტასთან შექმნილი დუეტის ეფექტურობა უდავო იყო.

გიომ რეგულარულში მონაწილეობა 36 შეხვედრაში მიიღო და საშუალოდ პარკეტზე 23 წუთსა და 19 წამს ატარებდა. შერმადინმა საერთო ჯამში 839 წუთი ითამაშა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტის საშუალომ 22.5-ს უწია. ანუ პარკეტზე გატარებულ ყოველ 1 წუთში შერმადინი 0.966 სარგებლიანობის კოეფიციენტს იფორმებდა. ასეთი მაჩვენებელი ლიგა ენდესაში ბოლო 26 წლის განმავლობაში არ დაფიქსირებულა.

იმისთვის, რათა ვიპოვოთ კალათბურთელი, რომელსაც შერმადინზე უკეთესი შედეგი აქვს, 1994-95 წლების სეზონი უნდა გავიხსენოთ, როცა არვიდას საბონისი რეალს ევროტურნირის მოგებაში დაეხმარა. იმ გათამაშებაში ლიეტუველი გიგანტი სეზონის MVP გახდა და საშუალოდ მატჩში მისი სარგებლიანობის კოეფიციეტი 34.2 იყო. საბონისმა 1187 წუთში 1163 სარგებლიანობის კოეფიციენტი გაიფორმა, რაც ყოველ 60 წამში საშუალოდ 0.979 გახლავთ. საბონისს სხვა გამორჩეული სეზონებიც ჰქონდა, მაგრამ ეს მიღწევა ვერ გაიმეორა, ყველაზე ახლოს კი უოლტერ ბერი და გიო იყვნენ. შერმადინს შაბათს გამართულ შეხვედრაში 12-ით უკეთესი სარგებლიანობის კოეფიციენტი რომ ჰქონოდა, ლიეტუველის რეკორდს გააუმჯობესებდა.

რეგულარულ სეზონში ჩატარებული 36 შეხვედრიდან მხოლოდ 4 იყო ისეთი, რომლებშიც გიოს სარგებლიანობის კოეფიციენტი ორნიშნა რიცხვზე დაბალი გახლდათ, 15-ჯერ კი უფრო მაღალი იყო, ვიდრე მის მიერ პარკეტზე გატარებული დრო. შერმადინის ყველაზე გამორჩეული მატჩი ესტუდიანტესთან გამართული შეხვედრა გახლდათ, რომელშიც 17 წუთი და 24 წამი ითამაშა და მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 32-ს უწია.

გარდა ამისა, შერმადინმა კიდევ ერთი ისტორიული შედეგი გაიფორმა, რომლისთვისაც 10 წელზე მეტია არავის მიუღწევია. საშუალოდ მატჩში მისი სარგებლიანობის კოეფიციეტი 22.53 გახლავთ, მეორე პოზიციაზე მყოფი ონდრეი ბალვინის კი - 19.5. ბოლოს პირველადგილოსანმა სამით ან უფრო მეტით მეორეადგილოსანს 2009-10 წლების სეზონში გაასწრო, როცა ტიაგო სპლიტერმა 21.2 მიითვალა, ხოლო ჯერალდ ფიჩმა - 17.9. ლიგა ენდესას ყველაზე ღირებულ მოთამაშეებს შორის ამხელა სხვაობა დიდი ხანია არ ყოფილა“, - წერს El Dia.

ცნობისთვის, შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ მე-3 ადგილი დაიკავა და პლეიოფში მისი პირველი მეტოქე თად მაკფადენის „სან პაბლო ბურგოსი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები