ლუკას ჰუფნაგელმა 27 წლის ასაკში კარიერა დაასრულა
Aa
Aa

ლუკას ჰუფნაგელმა 27 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ''ფრაიბურგის'' ექს-ფეხბურთელმა ლუკას ჰუფნაგელმა კარიერა 27 წლის ასაკში დაასრულა. მან CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება მენჯის ტრავმის გამო მიიღო. მისთვის დიდი დატვირთვით ვარჯიში დიდ ტკივილს იწვევდა, რაც შესაძლებლობების გამოვლენაში ხელს უშლიდა და ამიტომ პროფესიულ დონეზე ფეხბურთის თამაში შეწყვიტა.

ფეხბურთელის კარიერა ფაქტობრივად დასრულებულია, რადგან მიმდინარე სეზონში მის გუნდს, ''უნტერხახინგს'' მხოლოდ 1 მატჩი დარჩა გასამართი. ამპლუით ნახევარმცველი პროფესიულ დონეზე უკანასკნელ მატჩს 22 მაისს ''მაგდებურგთან'' ჩაატარებს და ამ შეხვედრით ფეხბურთის ქომაგებს დაემშვიდობება.

ჰუფნაგელმა CrystalSport-თან საუბარში აღნიშნა:''მაგდებურგთან'' შეხვედრა ჩემს კარიერაში უკანასკნელი იქნება. მენჯის ტრავმის გამო კარიერას ვასრულებ, მომავალზე ვფიქრობ, დროს სწავლას დავუთმობ''.

აღსანიშნავია, რომ ფეხბურთელის კარიერის პარალელურად იურიდიულზე სწავლობდა, შემდეგ სპორტის მენეჯმენტის განხრით მიიღო განათლება, ახლა კი კვლავ იურიდიულზე სწავლას გეგმავს.

მისი უკანასკნელი კლუბი ''უნტერხახინგი'' იყო, რომლის რიგებში 2012-15 და 2018-21 წლებში ასპარეზობდა.

ლუკას ჰუფნაგელი მიუნხენის ''ბაიერნის'' 17 წლამდე გუნდში ირიცხებოდა, 2012-2015 წლებში კი გერმანიის მესამე ლიგის “უნტერჰახინგში’’ ასპარეზობდა,  რომელსაც წარსულში ცნობილი გერმანელი ფეხბურთელი კრისტიან ციგე წვრთნიდა. 2015 წლის ზაფხულში “ფრაიბურგის’’ ფეხბურთელი გახდა.

''ფრაის'' მაისურით სადებიუტო სეზონში გუნდმა მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი დაიკავა და ბუნდესლიგაში აღზევდა. აღნიშნულ სეზონში ჰუფნაგელმა კრისტიან შტრაიხის გუნდში 19 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი ბილეფილდის ''არმინიას'' შეუგდო. 2016-17 წლების სეზონის პირველ ნახევარში ჰუფნაგელი ''ფრაიბურგის'' შემადგენლობაში ირიცხებოდა, თუმცა გერმანიის ელიტარულ ჩემპიონატში არ უთამაშია, რის შემდეგაც წელიწადნახევარი იჯარით მეორე ბუნდესლიგის ''ნიურნბერგში'' გაატარა. 2018 წელს ''უნტერხახინგში'' დაბრუნდა.

ლუკას ჰუფნაგელმა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2 მატჩი ჩაატარა, პირველად ამხანაგურ შეხვედრაში კახა ცხადაძის მწვრთნელობისას ესტონეთთან იასპარეზა, მეორედ კი 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლში სერბეთთან გასვლით მატჩში, როცა მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი იყო. მას ასევე უთამაშია საქართველოს 17 და 19 წლამდე ნაკრებებში.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები