Aa Aa
5 მაისი 2021  |  04:29

ჟოზე ისევ იტალიაში - კონტესთან გაუგებრობა და პირველი შეფასებები

გუშინდელიდან მოყოლებული იტალიური პრესის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი თემა ჟოზე მოურინიოს სერია A-ში დაბრუნებაა. როგორც ვიცით, „განსაკუთრებული“ მომავალი სეზონიდან „რომას“ ჩაიბარებს.

„ხელმძღვანელებთან შეხვედრისას მივხვდი, რამდენად დიდი ამბიციები აქვს ამ კლუბს. ესაა ის, რაც ყოველთვის მოტივაციას მაძლევს. ჩვენ გვსურს, უახლოეს წლებში ერთად მომგებიანი პროექტი შევქმნათ.

„რომას“ ფანტასტიკური ტიფოზები ჰყავს და ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ამ სამუშაოს დავთანხმდი, ესეცაა. ერთი სული მაქვს, მომავალი სეზონი როდის დაიწყება“, - ასეთია ჟოზეს პირველი რომაული ემოციები.

პორტუგალიელი სპეციალისტი სერია A-ში 11-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება. მან 2008-10 წლებში „ინტერში“ სუპერწარმატებულად იმუშავა. ჟოზე რომაელთა მთავარი მწვრთნელის პოსტზე თანამემამულე პაულო ფონსეკას ჩაანაცვლებს.

აპენინელმა ჟურნალისტებმა ანტონიო კონტესა და მოურინიოს დაძაბული ურთიერთობაც წამოწიეს წინა პლანზე. 2017 წლის მარტში, კონტეს „ჩელსიმ“ ჟოზეს „მანჩესტერ იუნაიტედს“ 4:0 მოუგო, საფინალო სასტვენის შემდეგ კი პორტუგალიელმა „კონტისიმეს“ საქციელი დაუწუნა და უსაყვედურა: „4:0-ის მოგებას ასე არ უნდა ზეიმობდე. ასეთი ემოციები შეგიძლია, 1:0-ის შემდეგ გამოხატო, ახლა კი ეს უბრალოდ დამამცირებელია ჩვენთვის“.

კონტემ მაშინ ეს ყველაფერი მედარებით მშვიდად მიიღო და პრესასთანაც შაბლონურ-ეტიკეტური კომენტარი გააკეთა, თუმცა ბრიტანელი ჟურნალისტები თვლიდნენ, რომ ორ სპეციალისტს შორის დაძაბულობამ დაისადგურა.

გუშინდელი ამბის შემდეგ თემა შეახსენეს კონტესაც, რომელიც ისევ მშვიდი იყო და პორტუგალიელს წარმატებები უსურვა: „ეს ყველასთვის შესანიშნავი ახალი ამბავია. მას წარმატებას ვუსურვებ, თუმცა, ცხადია, არა - „ინტერის“ წინააღმდეგ. ჩვენ ერთმანეთს პატივს ვცემთ“.

მოურინიოს „ჯალოროსიში“ დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა ფაბიო კაპელომაც, რომელიც „რომას“ პერსპექტივებს სკეპტიკურად უყურებს და პრობლემად არც ისე ძლიერ შემადგენლობას ასახელებს.

„გამარჯვებების მისაღწევად მხოლოდ დიდი მწვრთნელის მოყვანა არაა საკმარისი. გუნდში ასევე კარგი ფეხბურთელები გჭირდება. მოურინიო პრესტიჟული და გამოცდილი სპეციალისტია, ასევე კარგად იცის იტალიური ფეხბურთი, რაც მნიშვნელოვანი პლუსია. ეს ყველაფერი საქმეს შედარებით ამარტივებს, მაგრამ „რომაში“ ახლა რთული პირობებია. „რომას“ გულშემატკივრებს ვუსურვებდი, რომ იგი მათ კლუბშიც ისეთივე წარმატებული ყოფილიყოს, როგორც „ინტერში“ იყო“.

იტალიური პრესის ცნობით, მოურინიოს ახალ კლუბში რამდენიმე ტრანსფერი უკვე ჩაფიქრებული აქვს და ცენტრალური ნახევარმცველის, ფორვარდისა და მეკარის დამატება სურს. ჰენრიხ მხითარიანს კი, შესაძლოა, ახალი გუნდის ძებნა მოუწიოს. სომეხი „იუნაიტედიდან“ სწორედ ჟოზეს გამო გაუშვეს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

"საჩემპიონო ტალღა" კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში