ჯერ ქვა ესროლეს, შემდეგ მძევლებად აიყვანეს - განაში ქომაგებმა მსაჯების ცემა სცადეს
Aa
Aa

ჯერ ქვა ესროლეს, შემდეგ მძევლებად აიყვანეს - განაში ქომაგებმა მსაჯების ცემა სცადეს

განის რანგით მეორე დივიზიონში გამართულ შეხვედრას, რომელშიც ერთმანეთს „ნკორანზა უორიორსი“ და „რეალ ტამალე იუნაიტედი“ დაუპირისპირდნენ, თან რამდენიმე ინციდენტი ახლდა.

მატჩი ფრედ, 0-0 დასრულდა და მსაჯების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ადგილობრივი ქომაგი გააღიზიანა. „ნკორანზა უორიორსის“ გულშემატკივრები თვლიდნენ, რომ არბიტრები სტუმრებს ეხმარებოდნენ და პირველ ტაიმში ლაინსმენს ქვები დაუშინეს. გვერდითა მსაჯს ერთი ქვა მოხვდა და მთავარი არბიტრი იძულებული გახდა, მატჩი 15 წუთით შეეჩერებინა.

შეხვედრის განახლება მოხერხდა და გუნდები ნულოვან ფრეს დასჯერდნენ. საფინალო სასტვენის შემდეგ, ქომაგები სტადიონის შიდა პერიმეტრზე შეიჭრნენ და სურდათ, მსაჯებს ფიზიკურად გასწორებოდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, გულშემატკივრებმა არბიტრები და მეტოქე გუნდის ფეხბურთელები მძევლებად აიყვანეს და რამდენიმე მათგანმა მცირე დაზიანებებიც მიიღო.

ვითარების განმუხტვა პოლიციის ჩარევის შედეგად მოხერხდა და მსაჯებმა სტადიონი სამართალდამცველების დახმარებით დატოვეს. მოგვიანებით, „ნკორანზა უორიორსის“ ქომაგებმა განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მათი გუნდის საწინააღმდეგო მსაჯობა სისტემატურ მოვლენას წარმოადგენს.

„საკმარისია ეს სისულელე! მსაჯები აქ იმ განზრახვით ჩამოდიან, რომ სტუმარ გუნდს დაეხმარონ და ნკორანზა უორიორსი ყოველთვის არახელსაყრელ მდგომარეობაშია. არბიტრების მხრიდან ეს უნდა შეწყდეს და განელმა მსაჯებმა გუნდების მხარდაჭერა უნდა შეწყვიტონ. ისინი ქურდები და მატყუარები არიან“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები