Aa
Aa

„რთული ბრძოლა მელოდება" - დვალიშვილმა სტამანთან ჩხუბზე ისაუბრა

UFC-ის ქართველმა მებრძოლმა, მერაბ დვალიშვილმა MMA News-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა და მომდევნო მეტოქეზე, კოდი სტამანზე და მასთან გასამართ შერკინებაზე ისაუბრა.

„ჩემი და კოდის სტილი თითქმის ერთნაირია. ის კარგი მოჭიდავეა და წინ რთული ბრძოლა მელოდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჭიდაობა იქნება, დარწმუნებული ვარ, დარტყმების გაცვლაც ბევრჯერ მოხდება.

კოდი ოქტაგონზე შესანიშნავად გადაადგილდება, კარგი მებრძოლია და მას პატივს ვცემ. ალჯომ სტამანი ნაადრევად დაამარცხა, თუმცა ალჯო ალჯოა და ის საერთოდ სხვა დონეზე იმყოფება. კოდიმ ჯიმი რივერასთანაც წააგო, მაგრამ ამ ორ ბრძოლას თუ არ ჩავთვლით, იგი შესანიშნავად გამოიყურება და ყველა მეტოქესთან დომინირებს. სტამანი სონ იადონის წინააღმდეგაც დომინირებდა. მართალია, მსაჯებმა ფრე დააფიქსირეს, მაგრამ ყველამ იცის, რომ კოდიმ ის შერკინება მოიგო.

როგორც უკვე ვთქვი, წინ რთული ბრძოლა მელოდება და გასამარჯვებლად ყველაფერს გავაკეთებ. მინდა, რომ ჩემმა გუნდმა, ჩემმა ოჯახმა, ჩემმა ქვეყანამ და ჩემმა მეგობრებმა ჩემით იამაყონ. ვაპირებ, რომ წინსვლა გავაგრძელო, მოსაგებად ვიჩხუბებ და ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ზედიზედ 5 გამარჯვება მაქვს და მიჯრით მეექვსე წარმატება ბევრ კარს გამიღებს. იმედი მაქვს, კოდისთან მოგების შემთხვევაში, ჩემი მომდევნო მეტოქე ვინმე ცნობილი მებრძოლი იქნება. მაგალითად, დომინიკ კრუზი, შონ ომალი ან ვინმე სხვა“.

შეგახსენებთ, რომ დვალიშვილისა და სტამანის შერკინება 1-ელ მაისს გაიმართება. მერაბი ბრძოლას ზედიზედ 5 გამარჯვებით ხვდება და თავის წონაში მე-12 პოზიციას იკავებს. სტამანმა ბოლო 4 ჩხუბიდან 2 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა და 1 წააგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები