ჯანმრთელობის პრობლემა - ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერა დაასრულა!
Aa
Aa

ჯანმრთელობის პრობლემა - ლამარკუს ოლდრიჯმა კარიერა დაასრულა!

კალათბურთის გულშემატკივრებმა დღეს სენსაციური და სამწუხარო ინფორმაცია გაიგეს. "ბრუკლინ ნეტსის" ვარსკვლავმა ლამარკუს ოლდრიჯმა ჯანმრთელობის პრობლემების გამო კარიერა ოფიციალურად დაასრულა.

"ბრუკლინისა" და "ლეიკერსის" მატჩის დროს, ამერიკელ კალათბურთელს გულის არითმია დაემართა, რამაც ძალიან აანერვიულა. ლამარკუსის თქმით, აქამდე ასეთი რამ არასდროს მომხდარა და ის საკუთარ ჯანმრთელობას ზედმიწევნით უფთხილდება.

გადაწყვეტილების შესახებ 35 წლის კალათბურთელმა "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე დაწერა. ოლდრიჯის პოსტი საკმაოდ ემოციური იყო.

"დღეს, ამ წერილს დამძიმებული გულით ვწერ.

უკანასკნელ მატჩში გულის არასწორმა პულსმა შემაწუხა. მოგვიანებით, რითმი კიდევ უფრო მეტად დაირღვა, რამაც ძალიან ამანერვიულა.

შემდეგ დილას, გუნდს მომხდარის შესახებ ვუთხარი, მათ კი საავადმყოფოში წასვლა მირჩიეს, სადაც შემოწმება ჩამიტარდა. ახლა უკეთ ვარ, მაგრამ რაც იმ ღამეს განვიცადე, ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში რამ იყო.

მივიღე ძალიან რთული გადაწყვეტილება. კარიერას ვასრულებ. 15 წლის განმავლობაში კალათბურთი პირველ ადგილზე იდგა, თუმცა ახლა ოჯახზე და საკუთარ თავზე ზრუნვის დროა.

მადლიერი ვარ იმ ყველაფრისთვის, რაც ამ თამაშმა მომცა. საოცარი მოგონებები, რომლებიც უამრავ წარმატებას და წარუმატებლობას მოიცავს. შევიძინე უამრავი მეგობარი და კიდევ ბევრი სხვა რამ, რაც სამუდამოდ დამამახსოვრდება. დიდი მადლობა „პორტლენდს“ დრაფტზე ჩემი არჩევისთვის. მათ გამხდარ ბიჭს უდიდესი შანსი მისცეს. ამ ქალაქმა დაუვიწყარი წლები მაჩუქა.

ისინი მუდამ იქნებიან ჩემს გულში. მადლობა "სან ანტონიოს", მათ დიდ ოჯახში მიმიღეს და 5 ბედნიერი წელი მაჩუქეს. ასევე დიდი მადლობა „ბრუკლინს“. თქვენ  მითხარით, რომ გამეკეთებინა ის, რაც კარგად ვიცი. ეს სასიამოვნო მოსასმენი იყო. ვწუხვარ, რომ ეს ყველაფერი დიდ ხანს არ გაგრძელდა, მაგრამ უდიდესი სიამოვნება მივიღე ამ განსაკუთრებული კოლექტივის გვერდით.

არასდროს იცი, როდის დასრულდება ყველაფერი. ასე რომ მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს გავაკეთე!“

შეგახსენებთ, რომ ოლდრიჯის პირველი კლუბი NBA-ში "პორტლენდი" იყო, სადაც 9 წელი გაატარა. 2015 წელს ლამარკუსი "სან ანტონიოს" შეუერთდა, ხოლო თავის უკანასკნელ კლუბში, "ბრუკლინში" მიმდინარე წელს გადავიდა და მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები