Aa Aa
13 აპრილი 2021  |  10:30

გენიალური სტეფი - კარიმ 53 ქულა ჩააგდო და უილტ ჩემბერლენს გადაასწრო

„გოლდენ სტეიტის“ სუპერვარსკვლავმა, სტეფ კარიმ ისტორია დაწერა. „ოქროს ბიჭუნამ“ „უორიორსის“ მაისურით ჩაგდებული ქულების რაოდენობით ლეგენდარულ უილტ ჩემბერლენს გადაასწრო. ამ უკანასკნელს „გოლდენ სტეიტის“ რიგებში 17 783 ქულა ჰქონდა მოპოვებული, სტეფს კი „დენვერთან“ შეხვედრამდე პირველი ადგილის დასაკავებლად 19 ქულა სჭირდებოდა.

კარიმ „ნაგეთსის“ წინააღმდეგ ფენომენალურად იასპარეზა და საწყის მეოთხედში 21 ქულა დააგროვა, მატჩი კი 53 ქულით დაასრულა.

„პირველი ორი ბურთის ჩაგდების შემდეგ, სივრცეები და რიტმი ვიპოვე. საწყისი მეოთხედის ბოლოს, პიკ ენდ როლის შემდეგ 2-ქულიანი მივითვალე და ვიცოდი, რომ მე-19 ქულა დავაგროვე. სიმართლე გითხრათ, რეკორდზე ვფიქრობდი, რადგან ამ მიღწევასთან ახლოს ყოფნაზე ხშირად მეკითხებოდნენ.

უილტ ჩემბერლენს NBA-ის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია და დაუჯერებელია უორიორსის საუკეთესო მექულეთა სიის სათავეში რომ ვარ. ამაში წვლილი ბევრ ადამიანს მიუძღვის და ეს ჩემთვის განსაკუთრებული მომენტია. ვერ ვიტყვი, რომ ბოლომდე გავიაზრე რას მივაღწიე, თუმცა ამით სიამოვნებას აუცილებლად მივიღებ“, - განაცხადა სტეფმა მატჩის შემდეგ.

კარის წარმატებას „გოლდენ სტეიტის“ ყოფილი კალათბურთელი, კევინ დურანტი გამოეხმაურა და განაცხადა: „იმ დროიდან გამომდინარე, რომელსაც სტეფი კალათბურთში დებს, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს აუცილებლად მოხდებოდა. ჩემი აზრით, კარი ისე თამაშობს, თითქოს მისთვის რეკორდების დამხობა გარანტირებულია. სტეფისთვის უილტის მიღწევის გაუმჯობესება მხოლოდ დროის ამბავი იყო და საოცარია ეს რომ გააკეთა“.

ცნობისთვის, სტეფი NBA-ის ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც 32 წლის ან უფრო მეტის ასაკში ერთ რეგულარულ სეზონში მინიმუმ 50 ქულა 3-ჯერ ჩააგდო, კარის ბრწყინვალე თამაშის წყალობით კი „გოლდენ სტეიტმა“ „დენვერი“ 116-107 დაამარცხა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში