პირველი პოლონელი - ჰურკაჩმა მაიამის მასტერსი მოიგო
Aa
Aa

პირველი პოლონელი - ჰურკაჩმა მაიამის მასტერსი მოიგო

მამაკაცებს შორის წლის პირველი მასტერსის სერიის ტურნირი უმბერ ჰურკაჩის ტრიუმფით დასრულდა. მან ფინალურ შეხვედრაში იტალიელ იანიკ სინერს აჯობა - 7:6; 6:4.

ჰურკაჩი პირველი პოლონელი მამაკაცია, რომელმაც მასტერსის კატეგორიის ტურნირზე ჩემპიონობა იზეიმა. ამასთანავე ის ისტორიაში პირველი ჩოგბურთელია, ვინც ერთ სეზონში ტიტული დელრეი ბიჩისა და მაიამის ტურნირებზე მოიგო.

„გასული წლის თითქმის ნახევარი ფლორიდაში გავატარე. ჩემს მწვრთნელთან ერთად ვვარჯიშობდი ძალიან ცხელ ამინდში გაზაფხულზე და ზაფხულში, ამიტომაც ამჟამინდელ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებთან გამკლავება შედარებით გამიადვილდა. ვფიქრობ, ეს ყველაფერი დღევანდელი გამარჯვების მნიშვნელოვანი განმაპირობებელია.

მიამის კორტებზე ჩემი საუკეთესო ჩოგბურთი ვითამაშე და მთელი ტურნირის განმავლობაში სოლიდურად გამოვიყურებოდი. ყოველ ეტაპზე ვგრძნობდი, რომ შემდეგ რაუნდში გასვლა შემეძლო. ძალიან ბედნიერი ვარ ამ წარმატებით და სხვადასხვა კომპონენტების გასაუმჯობესებლად მუშაობას ვაგრძელებ“, - აღნიშნა 24 წლის ჩოგბურთელმა თავის კარიერაში ყველაზე პრესტიჟული ტიტულის მოგების შემდეგ.

უმბერ ჰურკაჩს აქამდე 2019 წელს - ვინსტონ სალემის, ხოლო 2021 წელს დელრეი ბიჩის ტურნირი ჰქონდა ტიტულატურაში. ორივე ეს გათამაშება 500-იანთა კატეგორიისაა.

ახალგაზრდა პოლონელმა თავისი ქვეყნის ჩოგბურთის ისტორიაში ახალი ძვირფასი ფურცელი ჩაწერა. გასულ წელს იგა შვიონტეკი გახდა პირველი პოლონელი, რომელმაც დიდი სლემის ტურნირი მოიგო, ჰურკაჩმა კი, როგორც ვთქვით, სამშობლოს პირველი მასტერსის სერიის ტურნირის ჩემპიონობა მოუტანა. ცალსახაა, რომ პოლონურ ჩოგბურთს ისტორიაში საუკეთესო პერიოდი აქვს.

„იგას წარმატების გამო ძალიან ვამაყობ. მან როლან გაროსზე საოცრება მოახდინა და, ვფიქრობ, რწმენა მოგვცა - მეც და სხვა ახალგაზრდა პოლონელ ჩოგბურთელებსაც. დაგვაჯერა, რომ ასეთ დიდ ტურნირზე წარმატების მიღწევა შეიძლებოდა“.

ჰურკაჩი გასულ კვირას მსოფლიოს 37-ე ჩოგანი გახლდათ, მაიამიში ჩემპიონობის გამო კი ერთბაშად 21 ადგილით დაწინაურდა და დღეიდან ATP-ის რეიტინგის მე-16 საფეხურზეა. ეს მის კარიერაში ახალი რეკორდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები