''მჯერა, ყველაფერი გამოგვივა'' - შტიოგერი ჟორდანიასთან გონივრულ კოოპერაციას იმედოვნებს
Aa
Aa

''მჯერა, ყველაფერი გამოგვივა'' - შტიოგერი ჟორდანიასთან გონივრულ კოოპერაციას იმედოვნებს

ვენის ''აუსტრიას'' მთავარმა მწვრთნელმა პეტერ შტიოგერმა კლუბის ახალი ინვესტორის, მერაბ ჟორდანიას შესახებ ისაუბრა. ''დორტმუნდის'' ექს-მთავარი მწვრთნელი Sky Sport Austria-სთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ჟორდანიას კლუბში მოსვლით წარმატების და კლუბის პროგრესის იმედი აქვს. 

''მერაბი კარგი ბიჭია. მასთან ყოველკვირეული კონტაქტი არ მქონია. წარსულში ის გერმანიაში ხშირად ჩნდებოდა ხოლმე, თუმცა მას ჰოლანდიაში მოღვაწეობის პერიოდიდანაც კარგად ვიცნობ. 

ჩვენ უკვე ვისაუბრეთ და უახლოეს დღეებში შევხვდებით და განვიხილავთ თუ როგორ შეიძლება ყველასთვის გონივრული კოოპერაცია შედგეს.

მჯერა, მით უმეტეს, როცა ლიცენზიის გარანტიაც გვაქვს, ყველაფერი კარგად იქნება, ყველაფერი გამოგვივა. ასევე, ჩვენს გვერდით არიან ადამიანები, რომლებიც საფეხბურთო საქმეს კარგად იცნობენ''.

ავსტრიული მედიის ცნობით ''აუსტრიას'' ერთ-ერთი სპონსორი Insignia Group გახდა, რომლის მმართველი მიხეილ სურგულაძეა.

2020 წელს ''აუსტრიამ'' თითქმის 19 მილიონი ევროს ზარალი განიცადა და ფაქტობრივად კლუბი ფინანსური კოლაფსის წინაშეა.

''ვიტესიდან'' წამოსვლის შემდეგ მერაბ ჟორდანია ფეხბურთში არ მოღვაწეობდა, მან დაახლოებით ექვსწლიანი პაუზი აიღო და ახლა ევროპულ ფეხბურთს უბრუნდება. მოსალოდნელია, რომ ''აუსტრიაში'' ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ვიხილოთ, როგორც ეს მოხდა ჟორდანიას ''ვიტესში'' ყოფნისას, სადაც გურამ კაშია, გიორგი ჭანტურია და ვაკო ყაზაიშვილი ასპარეზობდნენ.

''აუსტრიას'' მთავარი მწვრთნელი 2020 წლის ზაფხულიდან მოყოლებული პეტერ შტიოგერია, რომელიც წარსულში გერმანიის ბუნდესლიგის კლუბებს, ''კიოლნსა'' და ''დორტმუნდს'' წვრთნიდა.

ახლახანს ''აუსტრიას'' სარეზერვო გუნდში მერაბ ჟორდანიას შვილი, 24 წლის ლევან ჟორდანია ჩაირიცხა, რომელმაც გასული წელი თბილისის ''ლოკომოტივში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები