კაპიტნის ვარჯიში და წინასამატჩო კომენტარები - ბორჯღალოსნები ხვალ პორტუგალიას შეხვდებიან
Aa
Aa

კაპიტნის ვარჯიში და წინასამატჩო კომენტარები - ბორჯღალოსნები ხვალ პორტუგალიას შეხვდებიან

საქართველოს რაგბის ნაკრებმა პორტუგალიასთან მატჩისთვის მომზადება დაასრულა. რაგბი ევროპის ჩემპიონატის, მსოფლიოს შესარჩევი ციკლის პირველ მატჩამდე ერთი დღით ადრე „ბორჯღალოსნებმა“ ლისაბონში კაპიტნის ვარჯიში გამართეს.

საქართველოსა და პორტუგალიის დაპირისპირება ხვალ გაიმართება და მატჩის დაწყებამდე „ბორჯღალოსნების" თავკაცმა, ლევან მაისაშვილმა მეტოქის შესახებ ისაუბრა:

„ნებისმიერ თამაშს მონდომებითა და ყურადღებით ვეკიდებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს საკვალიფიკაციო წელიწადია, პასუხისმგებლობას აორმაგებს. ერთა თასზე ექსპერიმენტების დრო ყოველთვის გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ექსპერიმენტი იყოს ისეთი, რომ პროცესი დააზიანოს. ამიტომ, სხვადასხვა თამაშებისას შესაძლოა, გვქონდეს ცვლილებები. ნაწილობრივ ეს ცვლილებები იძულებითია და ამასთან, ვცდილობთ, კონკრეტულ პოზიციებზე მოთამაშეების სიღრმეები გავაჩინოთ. გამომდინარე აქედან, ამ თამაშისთვის დაბალანსებული გუნდი შევარჩიეთ, რომელიც გამოცდილი და ახალგაზრდა მოთამაშეების ნაზავს წარმოადგენს და ვფიქრობ, საინტერესო მატჩი უნდა გამოვიდეს.

მეტოქე ეცდება, რომ სწრაფი რაქი ჰქონდეს და სწრაფად ითამაშოს. შარშან, პარიზში, ხელოვნურ სტადიონზე გამართული შეხვედრა სწორედ ამას ემსახურებოდა. მათი მიზანი ჩვენთვის სწრაფი თამაშის შემოთავაზება იყო. შარშან, პირველ ტაიმში შეცდომები გვქონდა, რომლებითაც მოწინააღმდეგემ ისარგებლა და ვიცით, რომ კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათოები არიან. ანალიზისას გავითვალისწინეთ ის შეცდომები, რომლებიც იმ შეხვედრაში დავუშვით და ვეცდებით, რომ იგივე არ გავიმეოროთ. ჩვენი მიზანია, ინიციატივას ვფლობდეთ და ორთაბრძოლებისას ვდომინირებდეთ. თუ ამას მოვახერხებთ და შეჯგუფებებისას და ორთაბრძოლებისას დომინანტი ვიქნებით, დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ“.

პორტუგალიასთან ჯახის შესახებ კომენტარი მერაბ შარიქაძემაც გააკეთა:

„ჩვენს დივიზიონში დაბრუნების შემდეგ, პორტუგალია ბევრად უკეთესი გუნდია. ისინი ცდილობენ, სწრაფად ითამაშონ, სწრაფი რაქი ჰქონდეთ და თამაში სწორედ ამაზე აქვთ აგებული. მათი მიზანია, მეტოქეს შეცდომები დააშვებინონ და ეს შეცდომები სათავისოდ გამოიყენონ, რაც შარშან კარგად გამოუვიდათ. იმედი გვაქვს, წლეულს იგივე არ მოხდება. მზად ვართ, რომ ისევ ის შეცდომები აღარ დავუშვათ და მარტივი ქულები აღარ ვაჩუქოთ. ვიცით, რომ ეს თამაში მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ნაწილია, მაგრამ ამაზე ყურადღება არ გაგვიმახვილებია, რადგან ასეა თუ ისე, ეს თამაში ყველა შემთხვევაში უნდა მოვიგოთ“.

საქართველო

ხაზი: 15. სოსო მათიაშვილი (30 კეპი, 152 ქულა), 14. მირიან მოდებაძე (14 კეპი, 30 ქულა), 13. გიორგი კვესელაძე (29 კეპი, 25 ქულა), 12. მერაბ შარიქაძე (72 კეპი, 60 ქულა), 11. სანდრო თოდუა (89 კეპი, 65 ქულა), 10. ლაშა ხმალაძე (85 კეპი, 53 ქულა), 9. გელა აფრასიძე (30 კეპი, 24 ქულა),

შერკინება: 1. გურამ გოგიჩაშვილი (18 კეპი, 5 ქულა), 2. ჯაბა ბრეგვაძე (62 კეპი, 15 ქულა), 3. გიორგი მელიქიძე (23 კეპი, 10 ქულა), 4. ლაშა ჯაიანი (7 კეპი), 5. ნოდარ ჭეიშვილი (27 კეპი), 6. გიორგი თხილაიშვილი (61 კეპი, 60 ქულა), 7. ბექა საღინაძე (18 კეპი, 15 ქულა), 8. თორნიკე ჯალაღონია (5 კეპი);

მარქაფა: 16. შალვა მამუკაშვილი (79 კეპი, 50 ქულა), 17. ბექა გიგაშვილი (19 კეპი, 5 ქულა), 18. გია ხარაიშვილი (უკეპო), 19. დავით გიგაური (7 კეპი, 5 ქულა), 20. ირაკლი ცხადაძე (უკეპო); 21. მიხეილ ალანია (1 კეპი), 22. გიორგი ბაბუნაშვილი (უკეპო), 23. დემე თაფლაძე (6 კეპი, 5 ქულა).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები