''მესის ეს ჟესტი არასდროს დამავიწყდება'' - სუპერვარსკვლავის გულითადი საქციელი
Aa
Aa

''მესის ეს ჟესტი არასდროს დამავიწყდება'' - სუპერვარსკვლავის გულითადი საქციელი

კოლუმბიის ეროვნული ნაკრების ექს-ფეხბურთელმა ფაბიან ვარგასმა 2010 წელს ''ბარსელონასთან'' გამართული მატჩი გაიხსენა. შეხვედრა ''ალმერიას'' მძიმე მარცხით დასრულდა, ვარგასის გუნდი საკუთარ კედლებში კატალონიურ გრანდთან 0:8 განადგურდა.

ვარგასმა მესისთან დაკავშირებული ისტორია El Pais-თან ინტერვიუში გაიხსენა. იმ პერიოდში კოლუმბიაში მომხდარი წყალდიდობის გამო ბევრი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა და ვარგასს მათ დასახმარებლად აუქციონზე მესის მაისურის გაყიდვა სურდა. ისტორიაც ამ ამბავზეა აგებული.

''მატჩამდე მეგობრებმა მითხრეს, რომ მესისთვის მაისური მეთხოვა, რომელიც აუქციონზე გაიყიდებოდა და მიღებული თანხით კოლუმბიაში წყალდიდობით დაზარალებულებს დავეხმარებოდით. შეხვედრის დაწყებამდე მესის ვესაუბრე, ის ჩემს წინადადებას დათანხმდა.

მატჩის შემდეგ ცუდ განწყობაზე ვიყავი და როცა გასახდელიდან გავედი, იქ მესი ჩანთით დამხვდა, მას ჩანთაში მისი და ''ბარსელონას'' სხვა ფეხბურთელების მაისურები ეწყო. მახსოვს მან თქვა: ''შეხედე, აქ არის მაისურები, რომლებიც მე შენთვის შევაგროვე''. მას მადლობა გადავუხადე და გადავეხვიე.

ვფიქრობდი, რომ მან თავისი მაისური მაჩუქა, თუმცა შემდეგ ჩანთაში ხავის, ინიესტას, დანი ალვეშის, პიკესა და პუიოლის მაისურებიც ვნახე. მისი ეს ქმედება, მისი ეს ჟესტი არასდროს დამავიწყდება''.

ვარგასი ''ალმერიაში'' 2010-11 წლებში ასპარეზობდა. ამჟამად, 40 წლისაა. მან ფეხბურთელის კარიერის დასკვნითი წლები სამშობლოში, ''ლა ეკიდადში'' გაატარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები