Aa
Aa

ბუკერი და ჰარდენი - NBA-მ თებერვლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ თებერვლის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა. NBA-მ აღმოსავლეთ კონფერენციიდან „ბრუკლინ ნეთსის“ სუპერვარსკვლავი, ჯეიმს ჰარდენი, ხოლო დასავლეთ კონფერენციიდან „ფინიქს სანსის“ მსროლელი მცველი, დევინ ბუკერი გამოარჩია.

ბუკერმა თებერვალში „ფინიქსს“ 15-დან 12 თამაში მოაგებინა და საშუალოდ 27.9 ქულას, 3.7 მოხსნასა და 4.5 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. იგი პარკეტიდან 52.3 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 39.5 პროცენტით უტევდა. ბუკერი 2010 წლის შემდეგ „ფინიქს სანსის“ პირველი კალათბურთელია, რომელიც თვის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. ბოლოს ეს პატივი წილად ამარე სტაუდმაიერს ხვდა.

ჰარდენის „ბრუკლინმა“ თებერვალში 13 მატჩი გამართა და კევინ დურანტის არყოფნის მიუხედავად, 9 გამარჯვება მაინც იზეიმა, რაც სწორედ „წვერას“ დამსახურება გახლავთ. ჰარდენი საშუალოდ თითქმის სამმაგ დუბლს აკეთებდა და მის ანგარიშზე 25.6 ქულა, 8.8 მოხსნა და 10.7 შედეგიანი გადაცემაა. ჯეიმსი „ნეთსის“ ისტორიაში მეოთხე კალათბურთელია, რომელმაც ეს ჯილდო მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ იანვარში NBA-მ „ფილადელფია სევენთი სიქსერსის“ ცენტრი, ჯოელ ემბიდი და „დენვერ ნაგეთსის“ ლიდერი, ნიკოლა იოკიჩი გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები