Aa
Aa

"ჩინეთის მარიონეტო!" - კოლბი კოვინგტონი ლებრონს აკრიტიკებს

ბოლო წლებია ლებრონ ჯეიმსი პოლიტიკურ საკითხებში აქტიურად არის ჩართული. სოციალური მედიის საშუალებით „მეფე“ ხშირად აქტიურობს და სხვადასხვა თემებს განიხილავს.

ცნობილი ფაქტია, რომ ლებრონი დემოკრატების ამომრჩეველია და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩართვაზეც არ ამბობს უარს. მისი მხრიდან პოლიტიკური განცხადებებიც მოგვისმენია.

ჯეიმსი დონალდ ტრამპს აქტიურად აკრიტიკებდა. ბოლო დღეებში მისი ასეთი აქტიურობა განხილვის თემად იქცა და ლებრონს UFC-ის ვარსკვლავი კოლბი კოვინგტონი გამოეხმაურა.

კოვინგტონი, რომელიც ტრამპის მხარდამჭერია, ლებრონს ორპირ მატყუარას უწოდებს და ამას საკალათბურთო ასოციაციის ჩინეთისადმი დამოკიდებულებით ხსნის. როგორც ცნობილია, სპორტული ორგანიზაციები და სპორტსმენები კომერციული მოგების გამო, ჩინეთის შიდა პოლიტიკის კრიტიკას ერიდებიან.

„ჰონგ კონგის პრობლემებზე რატომ არ საუბრობ? ოჰ სწორია, არ შეგიძლია, რადგან ჩინეთის მარიონეტი ხარ! ბავშვების თამაშის ხარჯზე მილიონებს გამოიმუშავებ, შემდეგ კი „სოციალურ თანასწორობაზე“ საუბრობ, მაგრამ ჩინეთში შენი პროდუქციის შესაქმნელად ქალები, რომ გროშებზე მუშაობენ ეს არ გაინტერესებს“. - წერს კოვინგტონი.

კოლბიმ ლებრონს 2019 წლის პოსტი გაუხსენა, როდესაც „ჰიუსტონ როქეთსის“ გენერალურმა მენეჯერმა თვითერზე ჩინეთის შიდა პოლიტიკა გააკრიტიკა, რასაც ჩინელებმა მუქარით უპასუხეს და NBA-ს სანქციებით დაემუქრნენ. ამ თემასთან დაკავშირებით ჯეიმსმა სოციალურ ქსელში არაფრისმომცემი და არაფრისმთქმელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც დღემდე ყველას კარგად ახსოვს.

შეგახსენებთ, რომ ზლატანმა რამდენიმე დღის წინ, ლებრონ ჯეიმსი პოლიტიკაში ზედმეტად აქტიურობისა და ჩართულობის გამო გააკრიტიკა: „ლებრონი ფენომენალური კალათბურთელია, მაგრამ არ მომწონს, როცა კონკრეტული სტატუსის მქონე ადამიანები თავისი საქმის პარალელურად პოლიტიკაში ერთვებიან. მიჰყევით იმ სფეროს, რომელშიც საუკეთესონი ხართ.

მე ფეხბურთს ვთამაშობ, რადგან ეს ყველაზე კარგად გამომდის. პოლიტიკოსი რომ ვიყო, პოლიტიკაში წავიდოდი. ეს პირველი შეცდომაა, რომელსაც ადამიანები მაშინ უშვებენ, როცა ცნობილები ხდებიან და კონკრეტულ სტატუსს აღწევენ. ვფიქრობ, უკეთესია ამ ყველაფრისგან თავი შორს დაიჭირო და იმით დაკავდე, რაშიც საუკეთესო ხარ“.

ლებრონმა იბრას პასუხი არ დაუგვიანა: „ჩემს სკოლაში 300-ზე მეტი ბავშვია და მათ ხმა სჭირდებათ. მე, მათი ხმა ვარ. არასდროს გავჩუმდები, როდესაც რაღაც რიგზე ვერ არის.

არ ვაპირებ, რომ ჩემი თავი შევზღუდო და თავი მხოლოდ სპორტს მივუძღვნა, რადგან მესმის ეს პლატფორმა და ვიცი რამდენად ძლიერია ჩემი ხმა. სასაცილოა, რასაც ზლატანი ამბობს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები