Aa Aa
23 თებერვალი 2021  |  09:56

ლილარდი და ჰარდენი - NBA-ში კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელეს

NBA-ის მიმდინარე რეგულარულის მეცხრე კვირის საუკეთესო მოთამაშეთა ვინაობა ცნობილი გახდა. ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ დასავლეთ კონფერენციიდან „პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის“ გამთამაშებელი, დემიენ ლილარდი, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციიდან „ბრუკლინ ნეთსის“ ერთ-ერთი ლიდერი, ჯეიმს ჰარდენი გამოარჩია.

ლილარდმა „პორტლენდს“ 3-დან 2 შეხვედრა მოაგებინა და „ოკლაჰომასა“ და „ნიუ ორლეანის“ დამარცხებაში დაეხმარა. დემიენმა სამივე მატჩში ორმაგი დუბლი გაიფორმა და საშუალოდ 36.3 ქულას, 12.7 შედეგიან გადაცემასა და 5.7 მოხსნას აგროვებდა.

ჰარდენის გუნდს ბევრად წარმატებული კვირა ჰქონდა და „ნეთსმა“ 4-დან 4 მატჩში იმარჯვა. „ბრუკლინმა“ „საკრამენტო“, „ფინიქსი“, „ლეიკერსი“ და „კლიპერსი“ დაამარცხა. ჰარდენმა „კინგსის“ წინააღმდეგ სამმაგი დუბლი მიითვალა, ხოლო დანარჩენ 3 შეხვედრაში ორმაგ დუბლს დასჯერდა, მისი საშუალო სტატისტიკური მონაგარი კი ასე გამოიყურება - 31.8 ქულა, 10.8 შედეგიანი გადაცემა და 9 მოხსნა.

ცნობისთვის, მერვე კვირის საუკეთესო მოთამაშეები „ფინიქსის სანსის“ მსროლელი, დევინ ბუკერი და „დეტროიტ პისტონსის“ ახალბედა, სადიქ ბეი გახდნენ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში