საქართველოს პარლამენტი - სპორტის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა
Aa
Aa

საქართველოს პარლამენტი - სპორტის კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტმა 2021 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა.

კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, სამოქმედო გეგმის პროექტთან დაკავშირებით, კომიტეტმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა და თემატურად განიხილა ის მიმართულებები და აქტივობები, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტში აისახა.

34 აქტივობისგან შემდგარ სამოქმედო გეგმაში დეტალურად გაიწერა სპორტისა და ახალგაზრდობის მიმართულებები, ასევე პასუხისმგებელი პირი და შესრულების ვადები. სამოქმედო გეგმის თანახმად, საქმიანობის პრიორიტეტები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:

სპორტი

  • მოსახლეობის ფიზიკური და სპორტული აქტივობის დონის ამაღლების ხელშეწყობა;
  • სპორტში კარგი მმართველობის ხელშეწყობა;
  • სპორტული ობიექტების მშენებლობისა და მართვის სტანდარტიზაცია;
  • სპორტში შრომის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა;
  • საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა.

ახალგაზრდობა

  • სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის გაძლიერება და განხორციელების ხელშეწყობა;
  • ახალგაზრდებში უმუშევრობის დონის შემცირება და ღირსეული დასაქმების ხელშეწყობა;
  • ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების მონაწილეობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა;
  • საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების და გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობა.

სამოქმედო გეგმაში განსაზღვრულია საზოგადოებისთვის და ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტები. ეს არის სპორტის როლის გაზრდა ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროცესში, რადგან სპორტი, ამ ეტაპისთვის, მხოლოდ სპორტული ნიშნით არის წარმოდგენილი და მნიშვნელოვანია მისი წილის გაზრდა სოციალურ და ეკონომიკის მიმართულებებში“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ახალგაზრდობის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა, რომ კომიტეტმა წინა წელს ახალგაზრდობის კონცეფცია უკვე დაამტკიცა და წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სწორედ ამ დოკუმენტს ეფუძნება. მისივე თქმით, სამოქმედო გეგმის მომზადების პროცესში კონცეფცია კომიტეტს დაეხმარა განესაზღვრა თუ როგორ და რა გზით განვითარდეს ახალგაზრდობის მიმართულებები.

კომიტეტის წევრებმა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს და მასში მოცემული აქტივობები დადებითად შეაფასეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები