გამოძიების დეტალები - რამ გამოიწვია კობი ბრაიანტის ტრაგედია?
Aa
Aa

გამოძიების დეტალები - რამ გამოიწვია კობი ბრაიანტის ტრაგედია?

კობი ბრაიანტის ტრაგედიის დღეს ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭომ ავიაკატასტროფის ადგილზე გამომძიებლები გაგზავნა, რომლებსაც უნდა გაერკვიათ მომხდარი რამ განაპირობა.

დღეს, მათ ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს გამოძიების შედეგები წარუდგინეს და დაასკვნეს, რომ დიდი ალბათობით, პილოტმა ორიენტაცია დაკარგა და დაბალი ხილვადობის სივრცეში შესვლის შემდეგ, რომლისთვისაც თავი უნდა აერიდებინა, ვერტმფრენი ვერ დაიმორჩილა.

არა ზობაიანს Special visual flight rules-ის (სპეციალური ვიზუალური ფრენის წესები) მიხედვით ფრენის უფლება ჰქონდა, რაც საშუალებას აძლევდა არც თუ ისე კარგ ამინდში ეფრინა, ოღონდ საამისოდ, ღრუბლების ფენის ქვემოთ უნდა დარჩენილიყო და ნავიგაცია თვალებით მოეხდინა. ექსპერტთა აზრით, ზობაიანმა ჩათვალა, რომ სქელი ნისლის გამო ამას ვერ შეძლებდა და დისპეტჩერს შეატყობინა, რომ ღრუბლების მაღლა აპირებდა აფრენას, რაც მას კანონით აკრძალული ჰქონდა.

პილოტმა სავარაუდოდ ორიენტაცია დაკარგა, რაც ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს პრეზიდენტის, რობერტ სამუოლტის მიხედვით, არის შეგრძნება, როცა დაბალი ხილვადობისას პილოტი იმდენად დეზორიენტირებულია, რომ ვერ ხვდება საით მიფრინავს, მაღლა, დაბლა, მარჯვნივ თუ მარცხნივ. ეს კი მაშინ, როცა პილოტი ვიზუალური ფრენის წესებს იყენებს და ნავიგაციას თვალებით ახდენს, შესაძლოა, ვერტმფრენზე კონტროლის დაკარგვის წინაპირობა გახდეს. ნაციონალური სატრანსპორტო უსაფრთხოების საბჭოს თქმით, პილოტი ასეთ ამინდში ბაზაზე უნდა დაბრუნებულიყო ან ვერტმფრენი დაესვა, მაგრამ ზობაიანმა ფრენის გაგრძელება გადაწყვიტა.

დისპეტჩერთან კონტაქტის შემდეგ, პილოტმა აღმასვლა დაიწყო და ჯერ 2300 ფუტის სიმაღლეზე ავიდა, როცა დისპეტჩერს აცნობა, რომ 4000 ფუტის სიმაღლეზე და ღრუბლების ფენის მაღლა ასვლას გეგმავდა, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა. გამომძიებელთა მიხედვით, მან ორიენტაცია სწორედ ამ დროს დაკარგა და რეალურად ვერტმფრენი სიმაღლეზე ასვლის ნაცვლად, მიწისკენ ეშვებოდა. ზობაიანმა სიმაღლე და ვერტმფრენის აჩქარება სათანადოდ ვერ აღიქვა და ერთ-ერთი ექსპერტის მიხედვით, უეცარმა აჩქარებამ, რომელიც სწრაფ დაღმასვლას მოჰყვება, შესაძლოა, პილოტში გამოიწვიოს ილუზია და იმის შეგრძნება, რომ ვერტმფრენი მაღლა მიფრინავს, როცა რეალურად მიწისკენ ეშვება.

ცნობისთვის, ავიაუსაფრთხოების ექსპერტის, ჯონ კოქსის აზრით, ვერტმფრენის გადაადგილება და მის მიერ გავლილი გზა ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ პილოტი სქელი ნისლის გამო დეზორიენტირებული იყო. კოქსის თქმით, ამ მიზეზით ავიაკატასტროფები ხშირად ხდება. აღსანიშნავია ისიც, რომ გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ ვერტმფრენს ტექნიკური პრობლემები არ ჰქონია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები