მამარდაშვილი ძირითადში | Anfield Watch სლოტს ქართველი მეკარის დაყენებას ურჩევს
Anfield Watch-მა დაასახელა ხუთი ცვლილება, რომლებიც არნე სლოტმა „ვულვზთან“ მატჩისთვის უნდა განახორციელოს. „წითლები“ „მგლებს“ ინგლისის ასოციაციის თასის მერვედფინალში დაუპირისპირდებიან და მერსისაიდული გამოცემა გიორგი მამარდაშვილის სასტარტო შემადგენლობაში დაყენების მომხრეა.
„ბოლო ცნობების მიხედვით, ქართველი ფეხბურთელი სკამზე ყოფნით უკმაყოფილოა. მას შემდეგ, რაც ასოციაციის თასის მესამე რაუნდში, ბარნსლის წინააღმდეგ ითამაშა, ძირითად შემადგენლობაში არ დაუწყია. მამარდაშვილის დაყენება შესაძლებლობა იქნება, რომ დაცვაში რაღაც შეიცვალოს. მითუმეტეს, რომ ბოლო პერიოდში, ალისონის ფეხით თამაში კვლავ კრიტიკის ქვეშ მოექცა.
თუ ლივერპული მართლაც აპირებს რიჩარდ ჰიუზის გეგმას გაჰყვეს და ალისონი მამარდაშვილით ჩაანაცვლოს, მაშინ არნე სლოტმა იგი უფრო ხშირად უნდა გამოიყენოს“, - წერს ინგლისური გამოცემა.
ცნობისთვის, „ვულვზისა“ „ლივერპულის“ შეხვედრას 6 მარტს ვიხილავთ. მატჩი თბილისის დროიტ, 23:55-დან დაიწყება და „წითლები“ სტუმრად ითამაშებენ.