Aa
Aa

პირველი 30-ქულიანი მატჩი მიმდინარე სეზონში - ლებრონმა იანისს აჯობა

ლოს-ანჯელესი „ლეიკერსი“ წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობს. ლებრონ ჯეიმსმა და კომპანიამ ბოლო 12 შეხვედრაში მეათე გამარჯვება იზეიმეს და აღმოსავლეთ კონფერენციის ერთ-ერთი ფავორიტს, „მილუოკი ბაქსს“ სძლიეს.

„მეფემ“ იანის ანტეტოკოუნმპოს გუნდის დამარცხებაში დიდი წვლილი შეიტანა. ლებრონმა 34 ქულა, 6 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება მიითვალა. „ბაქსთან“ მატჩი ჯეიმსისთვის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა იყო, რომელშიც მან მინიმუმ 30 ქულა ჩააგდო. ამასთან, „მეფემ“ სულ მცირე 15 ქულა, 5 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა რეგულარულის საწყის 16 მატჩში დააგროვა, რაც NBA-ის ისტორიაში მესამე საუკეთესო შედეგია.

„ლეიკერსის“ რიგებში ლებრონის გარდა 23 ქულით კენტავიუს კალდუელ-პოუპი გამოირჩა. ენტონი დევისმა 18 ქულა, 9 მოხსნა, 6 ასისტი და 2 დაფარება გააკეთა, მონტრეზლ ჰარელმა კი მატჩი 12 ქულით დაასრულა. „მილუოკის“ მხრიდან 25 ქულითა და 12 მოხსნით საუკეთესო იანის ანტეტოკოუნმპო იყო, თუმცა ბერძენს 9 დაკარგვაც ჰქონდა. ჯრუ ჰოლიდეიმ აქტივში 22 ქულა ჩაიწერა, ხოლო კრიდ მიდლტონმა 20 ქულა ჩააგდო.

ცნობისთვის, „ლეიკერსს“ 12 მოგება და 4 წაგება აქვს და დასავლეთ კონფერენციაში პირველია. „მილუოკის“ რაც შეეხება, „ბაქსი“ ზედიზედ მეორედ დამარცხდა და აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილამდე დაქვეითდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები