Aa
Aa

ორივე გუნდში საუკეთესო - მამუკელაშვილის კარგი მატჩი კონფერენციის ლიდერთან

გამთენიისას Big East-ის ლიდერ „ვილანოვასთან“ მშვენიერი მატჩი ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილმა. მისი „სეტონ ჰოლი“ 74:76 დამარცხდა, თუმცა სანდრო ორივე გუნდის შემადგენლობაში ქულებით საუკეთესო იყო.

ახალგაზრდა ქართველმა 23 ქულა ჩააგდო და ორმაგ დუბლამდე მხოლოდ 1 მოხსნა დააკლდა, მის აქტივში ასევე 5 შედეგიანი გადაცემა გახლდათ. ისიც სათქმელია, რომ 7 დაკარგვა ჰქონდა. მატჩის საუკეთესო მომენტები, რომელთა შორისაც სანდროს არაერთი კარგი ეპიზოდია, შეგიძლიათ, აქვე იხილოთ.

მამუკელაშვილის შედეგიანობას მხარი მხოლოდ მისმა ერთეულმა თანაგუნდელებმა თუ აუბეს, რის გამოც „სეტონ ჰოლი“ მიმდინარე სეზონის მე-15 მატჩში მე-6-ედ დამარცხდა. „ვილანოვა“ კი კონფერენციის, უდავოდ, ყველაზე კარგი გუნდია და 10 მატჩში 9 გამარჯვება მოაგროვა.

ზოგადად, 21 წლის მამუკელაშვილი ბოლო დროს კარგ ფორმაშია. იგი იანვრის დასაწყისში Big East-ის კვირის საუკეთესო კალათბურთელადაც დაასახელეს.

გუშინვე ითამაშა გიორგი ბეჟანიშვილის „ილინოისმა“, რომელმაც Big Ten-ის ერთ-ერთ აუტსაიდერ „პენ სთეითს“ დამაჯერებლად - 79:65 აჯობა.

გიორგიმ პარკეტზე დაახლოებით 12 წუთი გაატარა, რა დროშიც 6 ქულა და 2 მოხსნა ჩაიწერა აქტივში. მისი გუნდი 15 შეხვედრაში მოპოვებული 10 გამარჯვებით კონფერენციის მე-8 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები