მოსალოდნელი გარიგება: კანკავა საფრანგეთში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა
Aa
Aa
15 იანვარი 2021  |  18:27

მოსალოდნელი გარიგება: კანკავა საფრანგეთში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა

CrystalSport-ის ცნობით ჯაბა კანკავა შესაძლოა საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნდეს. ''ტობოლის'' დატოვების შემდეგ 34 წლის ქართველი საყრდენი თავისუფალი აგენტია. ოლივიე გეგანი, რომელიც 2015-16 წლებში კანკავას ''რეიმსში'' წვრთნიდა, ამჟამად ''ვალანსიენის'' მთავარი მწვრთნელია და ქართველი მოთამაშის დამატება სურს.

CrystalSport-ის ცნობით კანკავა საფრანგეთში იმყოფება, ის აგენტთან ერთად ფრანგული კლუბის ხელმძღვანელებს შეხვდა და მოლაპარაკება გამართა. ფეხბურთელი საფრანგეთის ჩემპიონატში დაბრუნებასთან ძალიან ახლოსაა.

კანკავას გარდა გეგანი კიდევ ერთ ქართველთან მუშაობდა, ის ''გრენობლში'' ჯაბა ჯიღაურს წვრთნიდა.

მიმდინარე სეზონის საფრანგეთის ლიგა 2-ში ''ვალანსიენი'' მე-10 ადგილზეა. ამავე ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ამირან სანაია ასპარეზობს, რომელიც ''როდეზის'' ღირსებას იცავს.

ჯაბა კანკავა 2015-17 წლებში ''რეიმსის'' ფეხბურთელი იყო, 2015-16 წლების სეზონი ლიგა 1-ში გაატარა, თუმცა შემდეგ კლუბი რანგით მეორე ლიგაში გავარდა. კანკავამ ლიგა 2-ში ერთი სეზონი გაატარა, თუმცა კლუბმა ელიტაში დაბრუნება ვერ შეძლო და ''დნიპროს'' ექს-მოთამაშე კლუბს დაემშვიდობა.

ფრანგული კლუბის გარდა ყაზახური მედიის ცნობით კანკავას გადაბირებით თურქული ''ბურსა'' დაინტერესდა, რომელიც რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობს და ელიტაში დაბრუნებისთვის იბრძვის.

კანკავას თბილისის ''დინამოში'', ვლადიკავკაზის ''ალანიაში'', კიევის ''არსენალში'', ''კრივბასში'', ''დნიპროში'', ''რეიმსსა'' და ''ტობოლში'' უთამაშია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები