Aa
Aa

Sport - რეალი პოჩეტინოს დაუკავშირდა

გავლენიანი კატალონიური გამოცემა, Sport წერს, რომ მადრიდის „რეალი“ „ტოტენჰემის“ ყოფილ თავკაცს, მაურისიო პოჩეტინოს დაუკავშირდა. „ბლანკოსის“ ხელმძღვანელებმა თადარიგი დაიჭირეს და სურთ, რომ მოვლენების არასასურველი სცენარით განვითარების შემთხვევაში მომზადებულნი იყვნენ.

Sport-ის ცნობით, „სამეფო კლუბის“ მესვეურებს არგენტინელი სპეციალისტის სამომავლო გეგმები აინტერესებდათ და უნდოდათ, გაეგოთ მზადაა თუ არა პოჩეტინო მთავარი მწვრთნელის ფუნქციების შესათავსებლად.

კატალონიური გამოცემა 48 წლის სპეციალისტის პოზიციის შესახებ არაფერს წერს. სამაგიეროდ, ირწმუნება, რომ ზიდანთან თანამშრომლობის შეწყვეტის შემთხვევაში, გუნდს სწორედ პოჩეტინო ჩაიბარებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ზიზუს“ გაშვება გადაწყვეტილი ამბავი არაა და ბევრი რამ „გლადბახთან“ გასამართ დაპირისპირებაზე იქნება დამოკიდებული. ცნობისთვის, ხუთშაბათს დილით, „რეალის“ მოთამაშეებმა კლუბის საწვრთნელ ბაზაზე საგანგებო შეხვედრა გამართეს და მომდევნო მატჩების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე, რომელზეც მხოლოდ ფეხბურთელები იმყოფებოდნენ, „ბლანკოსის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა თანაგუნდელებს მიმართა და მოუწოდა „გლადბახთან“ მოსაგებად მაქსიმუმი გაიღონ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები