ჩხრეკა და შემოწმება - პოლიციამ მარადონას ექიმის სახლი და საავადმყოფო შეამოწმა
Aa
Aa

ჩხრეკა და შემოწმება - პოლიციამ მარადონას ექიმის სახლი და საავადმყოფო შეამოწმა

BBC.COM ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არგენტინის პოლიციამ დიეგო მარადონას პირადი ექიმის ლეოპოლდო ლუკეს სახლი და საავადმყოფო გაჩხრიკა.

სამართალდამცავები ეძებდნენ ნებისმიერ რამეს, რაც დაამტკიცებდა, რომ ლეგენდარული ფეხბურთელის გარდაცვალება სიცოცხლის გაუფრთხილებლად მოსპობით ან მედიკოსების შეცდომით მოხდა.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ მარადონას დამ მოინდომა გაეგო, იღებდა თუ არა მისი ძმა შესაბამის წამლებს. 60 წლის არგენტინელის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ადვოკატმა მატიას მორლამ საგანგებო განცხადება გააკეთა იმის შესახებ, რომ სასწრაფო დახმარების მანქანამ დააგვიანა და სწორედ ექიმების ბრალია დიეგოს გარდაცვალება.

"ბოლო 12 საათის განმავლობაში დიეგო ძალიან ცუდად იყო და სამედიცინო პერსონალი არ ჩანდა. სად იყვნენ? რატომ არ მოვიდნენ? გარდაცვალებამდე მარადონამ შესაბამისი მკურნალობა ვერ მიიღო.

ბოლოს გვითხრეს, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა გზაში იყო და ნახევარი საათის განმავლობაში სახლამდე ვერ მოაღწიეს. ეს კრიმინალური იდიოტიზმია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს საქმე ბოლომდე გამოიძიონ! ამის შესახებ დიეგომ სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე მითხრა - "შენ ხარ ჩემი ჯარისკაცი! იმოქმედე და ყველაფერი შეუბრალებლად გააკეთე"

ჯერჯერობით არაფერია ცნობილი იმის შესახებ, იპოვა თუ არა რამე პოლიციამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში დიეგოს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა და 3 ნოემბერს, სუბდურალური ჰემატომის გამო საკმაოდ რთული ოპერაციაც ჩაუტარდა, რის შემდეგაც ჰოსპიტალიდან გაწერეს და მკურნალობას სახლში აგრძელებდა.

მსოფლიოს 1986 წლის ჩემპიონს 24 ნოემბრის საღამოს ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, რის გამოც მის სახლთან არაერთი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული. სამწუხაროდ 25 ნოემბერს ფეხბურთის ღმერთი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა..

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები