მარადონა: ''ტირილი დავიწყე, ვყვიროდი და ვაგინებდი მათ, ვინც მებრძოდა''
Aa
Aa

მარადონა: ''ტირილი დავიწყე, ვყვიროდი და ვაგინებდი მათ, ვინც მებრძოდა''

დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო მედიამ მასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ფაქტი გაიხსენა. რამდენადაც ქარიზმატული პიროვნება იყო, ამდენადვე საინტერესოა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც ძალიან ბევრ არასაფეხბურთო თემაზე წერს. მათ შორისაა რომის პაპთან, იოანე პავლე მეორესთან შეხვედრა, მაგრამ სუფთა საფეხბურთო კუთხით ყველაზე საინტერესო 1986 წლის მუნდიალზე გამარჯვებაა.

''მე ვარ დიეგო'' ესპანურიდან ქართულ ენაზე დათო ტურაშვილმა თარგმნა. გთავაზობთ ნაწყვეტს, რომელშიც მარადონა 1986 წლის მუნდიალზე ტრიუმფს იხსენებს.

''ფინალში რა თქმა უნდა, გოლის გატანაც მინდოდა, მაგრამ უფრო მეტად რასაკვირველია მოგება მსურდა.

გავიტანეთ ორი გოლი და გაგვითანაბრეს, მაგრამ არ შემშინებია, რადგან ვიცოდი რომ მაინც მოვიგებდით. ბურთი რომ ცენტრისკენ წავიღეთ, ვუთხარი კიდეც ბურუსს: ''დააკვირდი, მკვდრებივით არიან და უკვე მოძრაობაც აღარ შეუძლიათ.'' და ასეც იყო.

მოედნის შუაგულში შემოვტრიალდი, თავი ავწიე და უცებ დავინახე რომ ბურუჩაგას საკმაოდ დიდი დერეფანი ეხსნებოდა წინ და ბრიგელი კი უკან იყო დარჩენილი და ბურთი მაშინვე გავუგდე. და ბურუც წავიდა, წავიდა კარისკენ და გოლი გაიტანა. ბურუჩაგას იმ გოლის გამო ისე ვღრიალებდი, რომ ახლაც მახსოვს და ისიც მახსოვს, რომ მთელი გუნდი თავზე დავახტით მას და უკვე ვგრძნობდით, რომ მსოფლიოს ჩემპიონები ვიყავით. რჩებოდა 6 წუთი და  ფინალური სასტვენის შემდეგ კი მხოლოდ არგენტინელების ხმა მესმოდა ტრიბუნებიდან და მეტი არაფერი.

და ტირილი დავიწყე. როცა ჩემს ცხოვრებაში ასეთი მნიშვნელოვანი რაღაც ხდებოდა, როგორ არ უნდა მეტირა და თანაც ეს ხომ მაქსიმუმი იყო, ყველაზე მაღალი მწვერვალი.

ბოლოს, როცა თასით ხელში, გასახდელში აღმოვჩნდით, სიხარულთან ერთად ბრაზიც მომერია იმ ადამიანების გამო, რომლებიც ჩვენ ამ გზაზე გვებრძოდნენ და რამდენიმე მათგანი გინებითაც მოვიხსენიეთ. ბილარდოსაც ვუთხარი, რომ ხმამაღლა ეყვირა თუ რამე ბოღმა ჰქონდა შიგნით დაგროვილი, რომ გათავისუფლებულიყო, რადგან ჩვენ ორმა ხომ ნამდვილად ვიცოდით თუ რამდენ წვალებად დაგვიჯდა ეს ტრიუმფი. და მან, ცრემლებით სავსე თვალებით ხმადაბლა მიპასუხა: ''არა, დიეგო, დაივიწყე ყველაფერი ცუდი, მე ახლა მხოლოდ კარგზე, მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, სუბელდიაზე მინდა ვიფიქრო''.

სუბელდია მისი მასწავლებელი იყო და ბილარდომ ასე ბავშვივით დამშვიდებული დამტოვა, რადგან აღარც ვიცოდი რა უნდა მეთქვა. არადა ტიპს ბოლო წუთამდე, სანამ მსოფლიოს ჩემპიონი არ გახდა, გამუდმებით ლანძღავდნენ, ნაგავს ესროდნენ და საშინელ შეურაცხყოფებს აყენებდნენ და თურმე წყენა არც ჩარჩენია. ამიტომაც დიდი ბილარდო მეც სწორედ ასეთი დამამახსოვრდა.

მერე ყვირილი გავაგრძელე გასახდელში, სადაც სხვებთან ერთად ვიქნევდი მაისურს და მახსოვს, რომ გალინდესი ღვთისმშობლის ხატს კოცნიდა.

ახლა უნდა ვთქვა და გავიმეორო ის, რაც ბევრჯერ მითქვამს, რომ სინამდვილეში ჩვენ ყველამ ერთად მოვიპოვეთ მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული. იმასაც სიამოვნებით გავიმეორებ, რომ ეს იყო არგენტინული ფეხბურთის ისეთი დიდი ტრიუმფი, რომელიც სამწუხაროდ აღარ განმეორებულა. მართალია ჩვენი ჩემპიონობის გამო პური არ გაიაფებულა არგენტინაში, მაგრამ ვისურვებდი, რომ დიდ საფეხბურთო გამარჯვებებს, არამხოლოდ დიდი სიხარული მოჰქონდეს ხალხისთვის, არამედ მათი პრობლემების მოგვარებასაც იწვევდეს.

როცა ბოლოს და ბოლოს, სახლში დავბრუნდი, ისეთი ხალხმრავლობა დამხვდა ეზოში, რომ დედაჩემი გაგიჟებული იყო. პატარა ბიჭები ღამითაც რჩებოდნენ ხოლმე და ერთხელ მათ ფეხბურთიც კი ვეთამაშე და მახსოვს როგორ აკვირდებოდა დედაჩემი უბედნიერესი ბიჭების სახეებს, რომლებიც ვერც კი იჯერებდნენ იმას, რომ მე ნამდვილად მათთან ერთად ვთამაშობდი. არადა მე მართლა ვინ ვიყავი - მხოლოდ და მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონი...''

ფოტოზე: მარადონა არგენტინის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კარლოს ბილარდოსთან ერთად

ფოტო: gettyimages

ვიდეო: Fifa.com

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები