Aa Aa
27 ნოემბერი 2020  |  12:30

''ოქროს ჭერი გაყიდე და ღარიბებს დაეხმარე'' - მარადონა რომის პაპთან ჩხუბზე

დიეგო მარადონას გარდაცვალების შემდეგ მსოფლიო მედიამ მასთან დაკავშირებული არაერთი საინტერესო ფაქტი გაიხსენა. რამდენადაც ქარიზმატული პიროვნება იყო, ამდენადვე საინტერესოა მისი ავტობიოგრაფიული წიგნი, რომელშიც ძალიან ბევრ არასაფეხბურთო თემაზე წერს. მათ შორისაა რომის პაპთან, იოანე პავლე მეორესთან შეხვედრა.

''მე ვარ დიეგო'' ესპანურიდან ქართულ ენაზე დათო ტურაშვილმა თარგმნა. გთავაზობთ ნაწყვეტს, რომელშიც მარადონა პაპთან საუბარს ასაჯაროებს.

''ამბობენ რომ მე ყველაფრის შესახებ საჯაროდ ვლაპარაკობ ხოლმე და ეს სრული სიმართლეა. ამბობენ რომ ვეკამათე რომის პაპს და მართლებიც არიან.

რადგან ფიორიტოელი ვარ, ლაპარაკის უფლება არა მაქვს?

მე ხომ იმათ ნაცვლად ვლაპარაკობ, ვისაც ლაპარაკს არ აცლიან და მე კი იმათ სათქმელსაც ვამბობ, ვისაც თავისი დედა*****ული ცხოვრების მანძილზე, ერთხელაც არ ექნება იმის საშუალება, რომ ხმამაღლა მიმართოს მთელ მსოფლიოს. მე კი დიეგო ვარ და მინდა რომ ყველაფერი გარკვეული იყოს ყველაფრის შესახებ, სანამ იმის მოყოლას გავაგრძელებ, რაც მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატს მოჰყვა.

დიახ, მე ვეჩხუბე რომის პაპს და ვეჩხუბე იმიტომ რომ საკუთარი თვალით ვნახე ვატიკანში ოქროს ჭერი და იმ დღეს მოვისმინე მისი სიტყვები, რომ ეკლესიამ უნდა იზრუნოს ღარიბ ბავშვებზე.

თუ მართლა ღარიბებზე ფიქრობ და არა ოქროზე, მაშინ გაყიდე ის ჭერი და მართლა რამე გააკეთე ღარიბებისთვის.

რისთვის არსებობს ამბროსიანოს ბანკი - იმისთვის რომ ნარკოტიკებით ივაჭროს და იარაღი გაყიდოს?

რომის პაპმა კი ვატიკანში მხოლოდ იმიტომ მიმიწვია, რომ მე ცნობილი ადამიანი ვარ.

დიდი იმედგაცრუება იყო.

რომის პაპმა დედაჩემს მძივი აჩუქა, მერე ასეთივე მძივი კლაუდიასაც მისცა, მერე კიდევ ვიღაცას და მერე ჩემი რიგიც რომ მოვიდა, მეც გამომიწოდა საჩუქარი და იტალიურად მითხრა: შენთვის განსაკუთრებულია.

მხოლოდ მადლობა წამომცდა.

გავაგრძელეთ გზა და დედაჩემს ვთხოვე თავისი საჩუქარი ეჩვენებინა და ზუსტად ისეთი იყო, როგორიც მე მქონდა. დედაჩემს კი მაინც გავეხუმრე ''მძივები ერთნაირია, მაგრამ ჩემი მაინც განსაკუთრებულია, რადგან პაპმა ასე მითხრა''.

მერე პაპთან ახლოს მივედი და ვკითხე: ''ბოდიშს გიხდით თქვენო უწმინდესობავ, მაგრამ რითი განსხვავდება ჩემი საჩუქარი დედაჩემის საჩუქრისგან?''

არაფერი მიპასუხა, მხოლოდ შემომხედა ღიმილით და გზა გააგრძელა. მეც უკან მივყევი და როცა ვემშვიდობებოდით, მხარზე ხელი დამადო ისევ ღიმილით და მითხრა: ''დიეგო ნუ გააფუჭებ ბურთებს და არ გეწყინოს, რომ მე უფრო ბევრი ხალხი მელოდება''.

მარადონა რომის პაპს 1985 წელს შეხვდა

სხვებთანაც მიჩხუბია, ძალიან ბევრ ხალხთან, ვინც ერთს ამბობს და მეორეს აკეთებს და სანამ მათზეც მოვყვები, მინდა ვთქვა, რომ ადამიანების მიმართ სიძულვილი არ გამაჩნია პირადი წყენის გამო. მე შემიძლია მხოლოდ ის პოლიტიკოსები მძულდეს, რომლებიც ხალხს ჯიბეში ხელს უყოფენ და მათ ძარცვავენ.

მძულს ყველა პოლიციელი და ჯარისკაცი, ვისაც შეუძლია ადამიანების მოკვლა მთავრობის დავალებით და მძულს ყველანაირი მთავრობა, რომელიც თვითონ მაძღარია და მშიერი ხალხი კი ფეხებზე ჰკიდია...''

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში