კაჭარავას საგოლე გადაცემა - ლეხმა პოლონეთის თასზე იმარჯვა
პოლონეთის თასის 1/16 ფინალში ნიკა კაჭარავას „ლეხი“ „პრუშკოვს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 3-2 დაამარცხა. ქართველმა თავდამსხმელმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მოედანზე 66 წუთი გაატარა.
კაჭარავამ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და 3 გოლიდან მონაწილეობა 2-ში მიიღო. „ლეხმა“ ანგარიში მე-18 წუთზე გახსნა და საგოლე გადაცემა სწორედ ნიკამ მიითვალა. მან საჯარიმოზე ჩაწოდებული ბურთი ლამაზი მოძრაობით მოჰამად ავადს დაუგდო და ამ უკანასკნელმა „ლეხი“ შესანიშნავი დარტყმით დააწინაურა.
28-ე წუთზე „პრუშკოვმა“ წონასწორობა აღადგინა და პირველი ტაიმი ფრედ, 1-1 დასრულდა. მეორე ნახევარში „ლეხმა“ ორი ბურთი შეაგდო. 50-ე წუთზე სტუმრები წინ რამირესმა გაიყვანა. 8 წუთში კი მან დუბლი მიითვალა. მესამე გოლში კაჭარავამ თავისი წვლილი შეიტანა. ნიკამ იან სიკორას კარგი პასი გაუკეთა, ამ უკანასკნელმა კი რამირესი მონახა, რომელსაც მეტოქის კარის აღება არ გასჭირვებია.
„პრუშკოვმა" ჩამორჩენა შეამცირა და 68-ე წუთზე ტაბლოზე 2-3 დააფიქსირა, თუმცა თამაშში გარდატეხის შეტანა ვეღარ მოახერხა.