„რას უნდა ველოდოთ გოგასგან მომდევნო სეზონში" - 8 Points 9 Seconds ბითაძეზე წერს
საკალათბურთო ვებგვერდმა, 8 Points, 9 Seconds-მა „ინდიანა პეისერსის“ ქართველი კალათბურთელის, გოგა ბითაძის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ გოგასგან მომდევნო სეზონში.
„მიუხედავად იმისა, რომ ინდიანას ორი საკმაოდ ნიჭიერი მაღალი (ტერნერი და საბონისი) ჰყავს, 2019 წლის დრაფტის პირველ რაუნდში მაინც გოგა ბითაძე აირჩია. ქართველ ახალწვეულს შეზღუდული სათამაშო დრო ჰქონდა, მაგრამ სადებიუტო სეზონში მოსალოდნელზე კარგად იასპარეზა და საკითხავი ისაა, მომდევნო სეზონში მისგან რას უნდა ველოდოთ.
ჯაკარ სემპსონმა გასული სეზონის დაწყებამდე, ინდიანასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მონაწილეობა 34 შეხვედრაში მიიღო. სემპსონი პეისერსის საკადრო პრობლემების გამო სასტარტო ხუთეულში 12-ჯერ გამოჩნდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ იგი ახალი სეზონის წინ, თავისუფალი აგენტი ხდება, გოგას კარს გაუღებს და ბითაძეს სათამაშო დრო გაეზრდება.
ქართველი ცენტრი შეზღუდულ წუთებში საოცრად პროდუქტიული არ ყოფილა და საშუალოდ 3.2 ქულას, 0.4 შედეგიან გადაცემასა და 2 მოხსნას აგროვებდა, თუმცა თუ მის მონაგარს 36 წუთის მიხედვით გამოვიანგარიშებთ, ვნახავთ, რომ მას პრაქტიკულად ტერნერის მსგავსი სტატისტიკა აქვს. 36 წუთში მაილსი 14.8 ქულას, 8 მოხსნასა და 2.6 დაფარებას აკეთებს. ბითაძე კი იმავე მაჩვენებლით გამოანგარიშების შემთხვევაში, 13.1 ქულას, 8.1 მოხსნასა და 2.8 დაფარებას იფორმებს და როგორც ჩანს, ტერნერის სათანადო დამხმარეა. გოგას გამოსვლამ ინდიანა უნდა დააფიქროს, შეუძლია თუ არა ბითაძეს მაილსის გაცვლის შემთხვევაში, მისი ადგილის დაკავება.
მნიშვნელობა არ აქვს 2021 წელს გოგა და ტერნერი სათამაშო დროს გაიყოფენ თუ არა. ინდიანამ ქართველი კალათბურთელი აუცილებლად უნდა ათამაშოს. ბოლოდროინდელი პრობლემა, რომელიც პეისერსს დრაფტებზე გაკეთებულ რამდენიმე არჩევანთან დაკავშირებით აქვს, შესაძლოა იმის ბრალი იყოს, რომ ინდიანა ახალგაზრდა კალათბურთელებს პარკეტზე გასვლისა და თავიანთი თამაშის განვითარების საშუალებას არ აძლევს. ტი ჯეი ლიფი ამის კარგი მაგალითია. მას სათამაშო დრო სისტემატურად არასდროს მიუღია.
პეისერსს შეუძლია, მომდევნო სეზონში გოგა ბითაძე სათადარიგოთა სკამიდან გამოიყენოს, როგორც კალათბურთელი, რომელიც მეტოქის დაცვას წელავს, სივრცეებს ქმნის და სროლებს ბლოკავს. ზუსტად ისე, როგორც მაილს ტერნერს იყენებს. ტერნერის ან გოგას მთელი შეხვედრის განმავლობაში პარკეტზე ყოფნა მეტოქე გუნდებს დაცვაში ხრიკების გამოყენების უფლებას არ მისცემს და შეტევაში სამწამიანში შესვლებს გაურთულებს.
მომდევნო სეზონი გოგას განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია და იმედი მაქვს, ინდიანას სამწვრთნელო შტაბი იპოვის გზას, რომლითაც მას თამაშში ჩართავს. 20 წლის ბითაძეს შანსი აქვს საპლეიოფო გუნდში კვალიფიციური ე.წ Role Player გახდეს", - წერს 8 Points, 9 Seconds.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში გოგა საშუალოდ 8.7 წუთს თამაშობდა და მისი მონაგარი 3.2 ქულა, 2 მოხსნა და 0.7 დაფარება იყო.