''ჩვენ მისი გვჯერა, საუკეთესო თვისებებს გამოავლენს'' - ზიგანდა აბურჯანიაზე
Aa
Aa

''ჩვენ მისი გვჯერა, საუკეთესო თვისებებს გამოავლენს'' - ზიგანდა აბურჯანიაზე

ესპანური ''ოვიედოს'' მთავარმა მწვრთნელმა ხოსე ზიგანდამ Cadena SER-თან ქართველი ფეხბურთელის, გიორგი აბურჯანიას შესახებ ისაუბრა.

25 წლის საყრდენმა ახალ გუნდში პირველი მატჩი გასულ ტურში ''რაიო ვალეკანოსთან'' ჩაატარა. ''ტვენტეს'' ექს-ნახევარმცველი თამაშში 66-ე წუთზე ჩაერთო. მან ბორხა სანჩესი შეცვალა.

ხოსე ზიგანდა: ''აბურჯანიას კონკურენციის გაწევა მისი ამპლუის ფეხბურთელებთან, ედგარ გონსალესთან და სერხიო ტეხერასთან მოუწევს, რომლებიც თითქმის ყოველ მატჩში კარგ შთაბეჭდილებას ტოვებენ. აბურჯანიასთვის მათთან კონკურენციის გაწევა ადვილი არ იქნება, თუმცა ის ჩვენს გუნდში მოვიდა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ მისი გვჯერა. სეზონი გრძელია და აბურჯანია თავის საუკეთესო თვისებებს გამოავლენს''.

აბურჯანიამ კარიერის ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ესპანეთის ლა ლიგა 2-ში გაატარა. მას ''ხიმნასტიკში'' (2016), ''სევილიას'' მეორე გუნდსა (2016-18) და ''ლუგოში'' (2018-19) უთამაშია.

რაც შეეხება აბურჯანიას ამჟამინდელ გუნდს, ზიგანდას ხელმძღვანელობით ''ოვიედომ'' ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 7 მატჩი ჩაატარა: 1 მოგება, 4 ფრე და 2 მარცხი. 

22-გუნდიან ლიგაში ზიგანდას გუნდი 7 ქულით მე-15 ადგილზეა. ''ოვიედო'' მერვე ტურის მატჩს სტუმრად ''ლეგანესთან'' 25 ოქტომბერს ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები