Aa
Aa

ჰიროს გმირობა - მაიმიმ ბოსტონი მესამედ დაამარცხა

აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური დაპირისპირების მეოთხე შეხვედრაში „მაიამი ჰიტმა“ „ბოსტონ სელტიქსი“ დაამარცხა. ერიკ სპოელსტრას გუნდმა დაძაბულ ბრძოლაში, 112-109 იმარჯვა და სერიის დახურვამდე 1 მოგებაღა აშორებს.

„მაიამის“ რიგებში საუკეთესო ტაილერ ჰირო იყო, რომელმაც ისტორიული შეხვედრა ჩაატარა. „ჰიტის“ კალათბურთელმა 37 ქულა დააგროვა და NBA-ის ისტორიაში პირველი ახალწვეულია, რომელმაც კონფერენციის ფინალში 37 ქულა ჩააგდო. გარდა ამისა, ტაილერი ყველაზე  ახალგაზრდა მოთამაშე გახდა, რომელმაც პლეიოფის შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან მინიმუმ 30 ქულა გაიფორმა.  მან „მაიამის“ რეკორდიც დაამყარა და ახალწვეულთა შორის პლეიოფის მატჩში ჩაგდებული ქულების რაოდენობით დუეინ უეიდის მიღწევა გააუმჯობესა.

ჰიროს გარდა, „ჰიტის“ მხრიდან 24 ქულითა და 9 მოხსნით ჯიმი ბატლერი გამოირჩა. გორან დრაგიჩმა 22 ქულა და 5 მოხსნა გააკეთა, ხოლო ბემ ადებაიომ მორიგი ორმაგი დუბლი გაიფორმა - 20 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა.

„ბოსტონს“ 28 ქულით ჯეისტონ ტეიტუმმა ულიდერა, თუმცა ამ უკანასკნელმა პირველი ტაიმი უქულოდ დაასრულა, რაც მის კარიერაში პირველად მოხდა. ჯეილენ ბრაუნმა აქტივში 21 ქულა და 9 მოხსნა ჩაიწერა. კემბა უოკერმა გუნდს 20 ქულა შესძინა, ხოლო გორდონ ჰეივარდი 14 ქულას, 7 მოხსნასა და 3 ასისტს დასჯერდა.

„მაიამი“ სერიაში 3-1-ს იგებს და აღმოსავლეთ კონფერენციის მოგების შანსს 26 სექტემბერს მიიღებს, როცა თბილისის დროით 04:30-ზე „ბოსტონს“ მეხუთედ შეერკინება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები