„ჩემი დივიზიონიდან გაეთრიე“ - როგორ შეცვალა მუჰამედ ალიმ ბრიტანელი მოკრივის კარიერა
Aa
Aa

„ჩემი დივიზიონიდან გაეთრიე“ - როგორ შეცვალა მუჰამედ ალიმ ბრიტანელი მოკრივის კარიერა

ბრიტანელმა მოკრივემ, ჯონ კონტემ, რომელიც ყოფილი მსოფლიო ჩემპიონი გახლავთ, მუჰამედ ალის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ ლეგენდარულმა მოკრივემ მისი კარიერა შეცვალა.

1973 წელს 22 წლის კონტემ იმ ღონისძიებაზე იჩხუბა, რომლის მთავარი ბრძოლაც ალისა და ბაგნერს შორის გაიმართა. ბრიტანელი მძიმე წონით დივიზიონში პირველი ნაბიჯებს დგამდა და წონასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები ჰქონდა. კონტემ ალის რჩევა სთხოვა, მიღებულმა პასუხმა კი ყველაფერი შეცვალა.

„ჩემთვის მუჰამედ ალი ყველა დროის საუკეთესო მოკრივეა. კარიერის სტარტზე ჩემი მენეჯერები ირწმუნებოდნენ, რომ მძიმეწონოსანი ვიყავი, მაგრამ ასე არასდროს ყოფილა. წონა ყოველთვის მაკლდებოდა და რაც უფრო თავდაუზოგავად ვვარჯიშობდი, მით უფრო მეტ კილოგრამს ვიკლებდი. სათანადო ნიშნულს ვერ ვაღწევდი და ლას-ვეგასში ყოფნისას, როცა ალი ჯო ბაგნერს დაუპირისპირდა, მას რჩევა ვთხოვე.

იმ ღონისძიებაზე მეც უნდა მეჩხუბა და მაშინ ჯერ კიდევ მძიმე წონით დივიზიონში გამოვდიოდი. შესაბამისად, პრესის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ალის ჩემი თავი მძიმეწონოსან მოკრივედ წარუდგინეს.

ერთ-ერთ მომენტში მას ვკითხე: „მუჰამედ, შეგიძლია რჩევა მომცე“?. მან ასე მიპასუხა: „კი, ჩემი დივიზიონიდან გაეთრიე“. მისი სიტყვების შემდეგ, ლონდონში დავბრუნდი და ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ევროპის ჩემპიონის ტიტულისთვის ვიჩხუბე“.

ცნობისთვის, ალის რჩევის გათვალისწინებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, კონტემ ხორხე აჰუმადა დაამარცხა და ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში საჩემპიონო ქამრის მფლობელი გახდა. კარიერაში მას 39 ბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 34 მოგება, 4 მარცხი და 1 ფრეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები