„კლუბის მფლობელები გვატყუებდნენ“ - ტორესმა ლივერპულიდან წასვლის მიზეზი დაასახელა
Aa
Aa

„კლუბის მფლობელები გვატყუებდნენ“ - ტორესმა ლივერპულიდან წასვლის მიზეზი დაასახელა

„ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ფერნანდო ტორესმა დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც 2011 წელს „ენფილდი“ დატოვა. ესპანელმა თავდამსხმელმა ინტერვიუ Talksport-ს მისცა და „წითლების“ რიგებში გატარებული ბოლო პერიოდი გაიხსენა.

„ლივერპულში ძალიან ბედნიერი ვიყავი, მაგრამ თუ გახსოვთ, იმ პერიოდში ლივერის მფლობელები კლუბის გაყიდვას აპირებდნენ და გუნდში ვითარება საკმაოდ დაძაბული გახლდათ.

მათ ყველა საუკეთესო ფეხბურთელი გაყიდეს. მასკერანო წავიდა, ჩაბი ალონსო წავიდა, ბენიტესიც წავიდა და აქცენტი ახალგაზრდა მოთამაშეებზე გაკეთდა. გამომდინარე აქედან, კიდევ 5, 6 ან 7 წელი იყო საჭირო, რათა ჩამოყალიბებულიყო გუნდი, რომელიც ტიტულებს მოიგებდა. მე კი ამდენი დრო არ მქონდა.

სამწუხაროდ, კლუბის მაშინდელი მფლობელებისგან ბევრი ტყუილები მოვისმინეთ და საბოლოოდ გადავწყვიტე ჩემი გზა მეპოვნა. ჩელსი კი გახლდათ კლუბი, რომელიც ტიტულების მოგების შანსს მომცემდა“.

შეგახსენებთ, რომ ფერნანდო ტორესი „ლივერპულის“ რიგებში 2007-დან 2011 წლამდე თამაშობდა და 65 გოლი გაიტანა. „არისტოკრატებს“ რაც შეეხებათ, „სტემფორდ ბრიჯზე“ ტორესმა 4 წელი გაატარა და ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა და ასოციაციის თასი მოიგო.

აქვე გეტყვით, რომ ტორესის „ენფილდზე" ყოფნისას „ლივერს" ამერიკელი ბიზნესმენები, ჯორჯ ჯილეტი და ტომ ჰიკსი ფლობდნენ, რომლებსაც ვალები დაუგროვდათ და 2010 წელს იძულებულნი გახდნენ კლუბი გაეყიდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები