შენგელია
Aa
Aa

შენგელია "ოლიმპიაკოსთან" 20 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა

თორნიკე შენგელიამ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ბერძნულ გრანდ "ოლიმპიაკოსს" 20 ქულა ჩაუგდო. 

"ბასკონიას" ქართველი ფორვარდი მატჩის საუკეთესო ბომბარდირი გახდა, თუმცა მისი სანაქებო გარჯა მასპინძელი ვიტორიელებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

ესპანური გუნდი ბოლო მეოთხედამდე იგებდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ბერძნებმა ძალების მობილიზება შეძლეს და 95:90 გაიმარჯვეს. პირეოსელთა გამარჯვებაში ლომის წილი ვასილის სპანულისმა დაიდო, ვინც 15 ქულას, ამდენივე (!!!) პასი მოაყოლა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდი, ტრადიციულად, სასტარტო ხუთეულში იყო და 28:52 წუთში ძალიან აქტიური გახლდათ. თორნიკემ 11-დან 5 ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 20 ქულას კი 4 მოხსნა, 2 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება დაუმატა.

ქართველმა კალათბურთელმა ბურთი ერთხელ დაკარგა, ერთხელ დაუფარეს, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ. შედეგად, მისმა სარგებლიანობის კოეფიციენტმა 20-ს უწია, რაც ამერიკელ შეინ ლარკინთან ერთად, მასპინძელთა რიგებში საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ლარკინმა 14 ქულას 11 პასი მიაბა.

"ბასკონიას" 2-2 მოგება-წაგება მოუგროვდა და 16-გუნდიანი სატურნირო ცხრილის შუა, მე-8 პოზიციაზეა. მომდევნო მატჩს შენგელიას გუნდი 4 ნოემბერს, სტუმრად ბელგრადის "ცრვენა ზვეზდასთან" გამართავს.

 

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები