შენგელიადან გრეგ მონრომდე - VTB ლიგის საუკეთესო ახალწვეულები
Aa
Aa

შენგელიადან გრეგ მონრომდე - VTB ლიგის საუკეთესო ახალწვეულები

ცნობილმა რუსულმა გამოცემა Izvestia-მ რუსული საკალათბურთო კლუბების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებზე ისაუბრა და VTB-ის გაერთიანებული ლიგის საუკეთესო ახალწვეულები დაასახელა. ბუნებრივია, მათ შორის თორნიკე შენგელიაც მოხვდა, რომელიც „ბასკონიადან“ ცსკა-ში გადავიდა.

შენგელია და მილუტინოვი

ზაფხულში არმიელებმა როტაციის 6 კალათბურთელი გაუშვეს და სანაცვლოდ ევროლიგის ორი ვარსკვლავი, ოლიმპიაკოსის ცენტრი, ნიკოლა მილუტინოვი და ბასკონიას კაპიტანი, თორნიკე შენგელია გაიფორმეს. შემცირებული ბიუჯეტის მიუხედავად, რომელმაც ლურჯ-წითლების პრეზიდენტის, ანდრეი ვატუტინის თქმით, 25-30 პროცენტი შეადგინა, ცსკა-ს ხელმძღვანელებმა კლუბის ისტორიაში, ალბათ, საუკეთესო გუნდი შეკრეს. ამჟამად დიმიტრის იტუდისის ხელში ერთბაშად სამი კალათბურთელია, რომლებიც ევროლიგის გასულ სეზონში სარგებლიანობის მიხედვთი, ტოპ 6-ში შედიოდნენ: მაიკ ჯეიმსი (მესამე), ნიკოლა მილუტინოვი (მეხუთე) და თორნიკე შენგელია (მეექვსე).

გასულ სეზონში შენგელიამ ბასკონია ესპანეთის ჩემპიონი გახადა და ვიტორია სუფთა სინდისით დატოვა. თოკო კარიერის პიკში იმყოფება, ჯერ მხოლოდ 28 წლისაა და ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდად ითვლება. ცსკა-ში ქართველ კალათბურთელს შეეძლება, ევროლიგის ჩემპიონის სტატუსი დაისაკუთროს. ამაში კი მას ნიკოლა მილუტინოვი დაეხმარება. მოსკოვურ კლუბს სერბეთის ნაკრების ცენტრის გაფორმება გასულ ზაფხულს უნდოდა და მზად იყო ოლიმპიაკოსისთვის სერიოზული თანხაც გადაეხადა, თუმცა ბერძნებმა ცსკა-ს წინადადებაზე უარი განაცხადეს და მილუტინოვმა მათ იმედი არ გაუცრუა.

2019-20 წლების ევროლიგის სეზონში იგი ბურთს საშუალოდ 8.2-ჯერ ხსნიდა, რაც საუკეთესო მაჩვენებელი იყო. ნიკოლა საშუალოდ 24.6 წუთს თამაშობდა და 10.3 ქულას (65.6 პროცენტი ორიანიდან, 76.5 საჯარიმო ხაზიდან), 1.2 ასისტს, 0.5 ჩაჭრასა და 0.6 დაფარებას აგროვებდა. მისი დამსახურებით კი ბერძნულმა გრანდმა პლეიოფში მოსახვედრად ბრძოლის გაგრძელება შეძლო.

„ევროლიგის ვარსკვლავების გაფორმების მიუხედავად, შეცდომა იქნება იმის თქმა, რომ ცსკა-ს კონკურენციას ვერავინ გაუწევს. შენგელია ევროპაში საუკეთესო მძიმე ფორვარდია, მაგრამ NBA-ში, სადაც საუკეთესო კალათბურთელები თამაშობენ, ფეხი ვერ მოიკიდა. მიუხედავად ამისა, ორი აზრი არაა, რომ იგი სოლიდური შენაძენია, თუმცა შეუძლებელია იმის თქმა, რომ თოკო ყველა პრობლემას მალევე მოაგვარებს. მილუტინოვის მიხედვით, აუცილებელია ვნახოთ, როგორ ადაპტირდება თოკო იტუდისის სისტემასთან. ამ ეტაპზე დასკვნების გამოტანა ნაადრევია“.  - განაცხადა მსოფლიო ჩემპიონატის 2-გზის ვერცხლის მედალოსანმა, ევგენი კისურინმა Izvestia-სთან საუბრისას. 

შენგელიასა და მილუტინოვის გარდა, Izvestia-მ გრეგ მონრო (ხიმკი), ჯორდან მიკი (ხიმკი), ევგენი ვორონოვი (ხიმკი), კევინ პანგოსი (ზენიტი), აიზეია კენანი (უნიქსი) და ჯორდან კროუფორდი (ლოკომოტივი) გამოარჩია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები