Aa
Aa

"შახტარს ტიტულის მოგება შეუძლია" - ლუჩესკუ ყოფილ გუნდს აქებს

მილანის „ინტერისა“ და დონეცკის „შახტარის“ ყოფილი მწვრთნელი, მირჩა ლუჩესკუ მიიჩნევს, რომ უკრაინულ კლუბს ევროპა ლიგაზე ტიტულის მოგება შეუძლია. 75 წლის სპეციალისტი Sky Sport Italia-ს ესაუბრა.

„ამ კონკრეტულ მომენტში „შახტარის“ დამარცხება ძალიან რთული იქნება, რადგან გასაოცრად ორგანიზებული გუნდია. ისინი იყენებენ სისტემას, რომელიც წლებია მუშაობს, ჰყავთ ბევრი ბრაზილიელი, რომელთაც თამაშში ტექნიკური კუთხით რაღაც განსხვავებული შეაქვთ.

როცა დონეცკელები ბურთს გააკონტროლებენ, მილანელთათვის მისი მოპოვება ძალიან რთული ამოცანა იქნება. უკრაინულ ორგანიზაციულობა და თამაშის კონტროლის უნარი, „ნერაძურის“ აგრესიულობისა და ინდივიდუალიზმის წინააღმდეგ - უაღრესად საინტერესო თამაში გველის.

პრეზიდენტ რინატ ახმეტოვის დახმარებით, „შახტარში“ ჩვენ შევქმენით სისტემა, რომელსაც მწვრთნელები უნდა მოერგონ და მასთან ადაპტირდნენ. ვფიქრობ, ამ გუნდს ევროპა ლიგაზე ტიტულის მოგება შეუძლია“.

მირჩა ლუჩესკუ „შახტარში“ 2004-2016 წლებში მუშაობდა და გუნდს სხვა არაერთ ტიტულთან ერთად, 2008-2009 წლების სეზონში უეფას თასი მოაგებინა. იგი ქალაქ დონეცკის საპატიო მოქალაქეა.

რაც შეეხება რუმინელის მილანურ კარიერას, „ინტერს“ სათავეში 1998-1999 წლებში ედგა, მაგრამ განსაკუთრებული წარმატებისთვის არ მიუღწევია.

„ინტერისა“ და „შახტარის“ 1/2 ფინალური შეხვედრა 17 აგვისტოს გაიმართება. გუნდებს შორის გამარჯვებული ტიტულისთვის „სევილიასთან“ ან „მანჩესტერ იუნაიტედთან“ იბრძოლებს. ეს გუნდები ერთი დღით ადრე ითამაშებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები