ყენიამ პსვ-სთან ითამაშა: ქართველი გერმანულ კლუბში ვარჯიშობს
Aa
Aa

ყენიამ პსვ-სთან ითამაშა: ქართველი გერმანულ კლუბში ვარჯიშობს

''შალკეს'' ექს-ფეხბურთელი ლევან ყენია გერმანიის რანგით მესამე ლიგის  ''უერდინგენში'' ვარჯიშობს. გერმანული მედიის ცნობით 29 წლის ნახევარმცველმა ჰოლანდიურ პსვ-სთან ამხანაგურ მატჩში მიიღო მონაწილეობა. როგორც კლუბის მთავარი მწვრთნელი შტეფან კრემერი აცხადებს, ამ ეტაპზე ქართველის გუნდში ჩარიცხვა გადაწყვეტილი არაა.

''უერდინგენში'' გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და ''დორტმუნდის'' ექს-ფეხბურთელი კევინ გროსკროიცი ირიცხება. ის გუნდის ყველაზე ცნობილი მოთამაშეა.

ლევან ყენიას თბილისის ''ლოკომოტივში'',  ''შალკეში'', ლვოვის ''კარპატიში'', დიუსელდორფის ''ფორტუნაში'', პრაღის ''სლავიაში'', ''დუდელანჟსა'' და ''საბურთალოში'' უთამაშია. მისი ბოლო კლუბი სწორედ ''საბურთალო'' იყო, სადაც თითქმის ერთი წელი გაატარა, მიმდინარე ზაფხულში თბილისურ კლუბს დაემშვიდობა.

2009-10 წლების სეზონში ლევან ყენია ''შალკესთან'' ერთად გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გახდა. აღნიშნულ სეზონში გელზენკირხენული გუნდის მაისურით 10 მატჩი ჩაატარა და 2 საგოლე პასი შეასრულა. სეზონის მეორე ნახევარი ტრავმის გამო გამოტოვა, თუმცა მედალი მიიღო. 

ლევან ყენიამ საქართველოს ეროვნულ გუნდში 29 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. უკანასკნელად ეროვნულ გუნდში 2016 წელს ვლადიმირ ვაისმა მიიწვია, 2016 წლის 27 მაისს ყენიამ  სლოვაკეთის წინააღმდეგ ითამაშა და გოლი გაიტანა. ამ მატჩის შემდეგ ყენიას ეროვნულ ნაკრებში არ უთამაშია.

გერმანიის რანგით მესამე ლიგაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ლუკას ჰუფნაგელი ასპარეზობს, რომელიც ''უნტერხახინგის'' მოთამაშეა. თუ ყენია ''უერდინგენში'' გადავა, გერმანიის რანგით მესამე ლიგაში საქართველოს ეროვნული ნაკრების ორ ყოფილ წევრს ვიხილავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები