Aa Aa
9 აგვისტო 2020  |  12:09

''ასეთი გამარჯვებები ძალიან გვჭირდება'' - ბითაძე სუპერვარსკვლავს შეადარეს

NBA-ში ''ინდიანა პეისერსმა'' ''ლოს ანჯელეს ლეიკერსი'' 116:111 დაამარცხა. გამარჯვებულთა ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ პარკეტზე 12 წუთი და 18 წამი დაჰყო. მის ანგარიშზე 7 ქულა, 2 მოხსნა, 1 დაფარება და 1 ჩაჭრაა. აღსანიშნავია, რომ  21 წლის ქართველმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსს დაუფარა და ეს მომენტი სოციალური ქსელის ქართველ მომხმარებლებში ძალიან პოპულარულია.

ბითაძის თამაში კომპლიმენტით შეამკო Fox Sports Indiana-ს ჟურნალისტმა ჯერემია ჯონსონმა: ''ბითაძემ ენტონი დევისის წინააღმდეგ სუპერვარსკვლავივით ითამაშა''.

გამარჯვებისა და კარგად ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გოგა ბითაძეს კომენტარი Fox-მა სთხოვა.

''ასეთი გამარჯვებები ფლეი-ოფის დაწყებამდე ძალიან გვჭირდება, რადგან თავდაჯერება გვემატება. მოულოდნელი მოგება არ ყოფილა. ჩვენ კარგი გუნდი გვყავს და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. დღეს უფრო მონდომებულები უნდა ვიყოთ, რადგან რამდენიმე თანაგუნდელი, მათ შორის საბონისი ტრავმირებულია. დომანტასი ჩვენი გუნდისთვის დიდ ძალას წარმოადგენს. გუნდური ერთსულოვნება ძალიან მნიშვნელოვანია, რაც ჩვენს გუნდში კარგად ჩანს.

ტრავმის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ, სრული დატვირთვით ვემზადები და ნებისმიერ მომენტში, როცა გუნდს დავჭირდები, თამაშისთვის მზად ვარ.''

აღმოსავლეთ კონფერენციაში "ინდიანა პეისერსმა" 43-ე გამარჯვება მოიპოვა და მეხუთე ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი შემდეგ მატჩს 11 აგვისტოს "მაიამი ჰითის" წინააღმდეგ გამართავს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში