ყაზახეთში სეზონი განახლდება - კვეკვესკირი და კანკავა ლიდერს შეხვდებიან
Aa
Aa

ყაზახეთში სეზონი განახლდება - კვეკვესკირი და კანკავა ლიდერს შეხვდებიან

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ ყაზახეთის საფეხბურთო ჩემპიონატი უდიდესი ალბათობით 17 აგვისტოს განახლდება. ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას ''ტობოლი'' ჩემპიონატის განახლებისას პირველ მატჩს 21 აგვისტოს ''ქაირათის'' წინააღმდეგ ჩაატარებს. 

''ტობოლმა'' ბოლო მატჩი 14 მარტს გამართა. მას შემდეგ კანკავას და კვეკვესკირს არ უთამაშიათ. მიმდინარე წელს ''ტობოლში'' იჯარით ლუკა ზარანდია თამაშობდა, თუმცა კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პაუზის გამო მხოლოდ ორ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, მიმდინარე ზაფხულში კი ბელგიურ ''ზულტე ვარეგემს'' დაუბრუნდა.

ამ ეტაპზე ყაზახეთის 2020 წლის სეზონის სატურნირო ცხრილს ''ქაირათი'' ლიდერობს, რომელმაც 4 ტურში 9 ქულა მოაგროვა. მეორე ადგილს ''ასტანა'' და ''ტობოლი'' 9-9 ქულით იყოფენ, ორივე გუნდმა 3 მატჩი გამართა.

ელგუჯა ლობჯანიძის ''ქაისარის'' ანგარიშზე ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულაა. ანალოგიურად 4 ქულა მოაგროვა კახა ცხადაძის გაწვრთნილმა ''ორდაბასიმ'', თუმცა ცხადაძის გუნდმა 4 შეხვედრა ჩააატარა.

ლობჯანიძემ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, 27 წლის ფორვარდმა ორ შეხვედრაში ორი გოლი შეაგდო, თუმცა შემდეგ კორონავირუსის გამო სეზონი შეწყდა.

ელგუჯა ლობჯანიძის, ნიკა კვეკვესკირისა და ჯაბა კანკავას სახით ყაზახეთის ჩემპიონატში საქართველოს ეროვნული ნაკრების სამი ფეხბურთელი თამაშობს. ცხადია, ბელარუსთან შეხვედრისთვის მათი ფორმაში ყოფნა ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები